ანრი ოხანაშვილი - სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მსჯავრდებულ მამალაძის ბრალეულობის საკითხი სწორად იყო განსაზღვრული, დარღვევა დაადგინა რამდენიმე პროცედურულ საკითხზე
ანრი ოხანაშვილი - სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მსჯავრდებულ მამალაძის ბრალეულობის საკითხი სწორად იყო განსაზღვრული, დარღვევა დაადგინა რამდენიმე პროცედურულ საკითხზე

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მსჯავრდებულ მამალაძეს სრულად ჰქონდა უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება. მისთვის ბრალეულობის საკითხი სავსებით სწორად იყო განსაზღვრული, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან კითხვის ნიშნები პროცედურულ საკითხებს შეეხება და რამდენიმე პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით დადგინდა დარღვევა.

„დღეს გამოცხადდა და საჯარო გახდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და დაადგინა, რომ მსჯავრდებულ მამალაძეს სრულად ჰქონდა უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება. მისთვის ბრალეულობის საკითხი სავსებით სწორად იყო განსაზღვრული. ეს შესაბამისი მტკიცებულებებით იყო გაჯერებული და მთლიანობაში, ამ პირის მსჯავრდებასთან და ბრალეულობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ დასმულა.

სტრასბურგის სასმართლომ კითხვის ნიშნები სადაც დასვა, ეს შეეხება პროცედურულ საკითხებს, ცალკეული სახის საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. ასევე, სასმართლო სხდომის დახურვასთან დაკავშირებით იყო საუბარი, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა, შეიძლებოდა თუ არა, უფრო მსუბუქი ღონისძიება ყოფილიყო გამოყენებული, რომ არა სასამართლო სხდომის დახურვა. რამდენიმე პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით დადგინდა დარღვევა. მთლიანად, შინაარსობრივად პირის ბრალეულობასთან და მის მსჯავრდებასთან დაკავშირებით სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასმართლომ საქართველოს სახელით გამოტანილი გადაწყვეტილებების შინაარსობრივი მხარე გაიზიარა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით,  გიორგი მამალაძის საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლება სამხილების მოპოვება-გამოყენების ნაწილში არ დარღვეულა, დაირღვა სასამართლოს დახურვისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის ნაწილში.

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა, დეკანოზ მამალაძეს მომდევნო სამ თვეში გადაუხადოს 9 418 ლარი, ასევე ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება, მას დაეკისროს. მამალაძე ზიანის ანაზღაურებას 376 304 ლარის ოდენობით ითხოვდა.