ანრი ოხანაშვილი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება
ანრი ოხანაშვილი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და მასში შეხვედრას „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC), „ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენლები მონაწილეობენ.

„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენლის, სოფო ვერძეულის განცხადებით, შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით იმართება.

„მისგან მოვისმენთ, როგორ აპირებს პარლამენტი სამუშაო პროცესის წარმართვას კანდიდატებთან დაკავშირებით. ყველაზე მნიშვნელოვანია, პარლამენტმა გონივრული ვადები გაწეროს და სათანადო შესაძლებლობა არსებობდეს, რომ კანდიდატების შესახებ ინფორმაციას გაეცნონ. განსაკუთრებით გვაინტერესებს, როგორ დაკომპლექტდება სამუშაო ჯგუფი, რასაც რეგლამენტი ითვალისწინებს, რა მანდატი და უფლებამოსილება ექნება, ასევე როგორი იქნება გარე აქტორების ჩართულობა სამუშაო ჯგუფში. ზაფხულის მიწურულია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატებთან გასაუბრების პროცესმა დიდი დრო წაიღო და მიღებული ინფორმაციას განაწილება სჭირდება. მნიშვნელოვანი იქნება, პარლამენტმა არ იჩქაროს და სამუშაო ჯგუფს დრო ჰქონდეს, თითოეულ კანდიდატზე მოსაზრებები მოისმინოს და დეპუტატებმა ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღონ, ვის დაუჭირონ მხარი”, – განაცხადა ვერძეულმა.

რეგლამენტის შესაბამისად, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიას საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომელიც კანდიდატთა საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მოიძიებს და მათთან გასაუბრების პროცესს დაიწყებს. მოგვიანებით, კანდიდატებს კენჭი პლენარულ სხდომაზე ეყრებათ. კანდიდატების ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.