ანრი ოხანაშვილი - საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ცვლილებები განაპირობა კონკრეტული დანაშაულების კომპლექსურობამ და დანაშაულის ჩადენის ტექნოლოგიურმა განვითარებამ
ანრი ოხანაშვილი - საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ცვლილებები განაპირობა კონკრეტული დანაშაულების კომპლექსურობამ და დანაშაულის ჩადენის ტექნოლოგიურმა განვითარებამ

საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ცვლილებები განაპირობა კონკრეტული დანაშაულების კომპლექსურობამ, დანაშაულის ჩადენის ტექნოლოგიურმა განვითარებამ, რომლებიც, განსაკუთრებით, დღევანდელი გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას მომეტებულ საფრთხეს უქმნის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ჩვენი ვალდებულებაა გავაუმჯობესოთ დანაშაულთან ბრძოლისა და ჩვენი მოქალაქეების დაცვის მექანიზმები, რომლებიც საგამოძიებო ორგანოებს მისცემს დანაშაულის ჩადენის თანამედროვე მეთოდებთან ბრძოლის კიდევ უფრო ეფექტიან სამართლებრივ შესაძლებლობას.

აქედან გამომდინარე, ფარული საგამოძიებო მოქმედების გახანგრძლივება და პოტენციური დამნაშავისთვის ამის შესახებ შეტყობინების გადავადება შესაძლებელი გახდა, მაგალითად, შემდეგ დანაშაულებთან მიმართებით: წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მკვლელობა, ოჯახის წევრის მკვლელობა; არასრულწლოვანის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მკვლელობა; ორი ან მეტი პირის მკვლელობა; მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით; შეკვეთით ან ანგარებით მკვლელობა; ტრეფიკინგი და არასრულწლოვანით ვაჭრობა, „ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერა, წამების მუქარა, ნარკოტიკული საშუალებების გასაღება; ტერორიზმი და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილებები საზოგადოების თითოეული წევრის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვას ემსახურება.

„ხაზგასასმელია, რომ ამ ცვლილებებით სრულად არის შენარჩუნებული „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ 2014 წელს გატარებული რეფორმის ძირითადი პრინციპები, რომლითაც ფარული საგამოძიებო მოქმედების დასაბუთების უმაღლესი სტანდარტი იქნა შემოტანილი საქართველოს კანონმდებლობაში, რაც 2014 წელს პოზიტიურად შეაფასა ევროსაბჭომ.

კერძოდ, ფარული საგამოძიებო მოქმედება ნებადართულია პროკურორის მოტივირებული დასაბუთებითა და სასამართლოს ასევე დასაბუთებული გადაწყვეტილებით მხოლოდ მაშინ: როდესაც სხვა საშუალებით გამოძიებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების მოპოვება შეუძლებელია ან გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებს; ამასთანავე, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ინტენსივობა ფარული საგამოძიებო მოქმედების ლეგიტიმური მიზნის პროპორციული უნდა იყოს.

ეს უმაღლესი სტანდარტი შენარჩუნებულია და ამ საგამოძიებო მოქმედების გამოყენება მხოლოდ უკიდურეს საშუალებად რჩება. ამას ემატება ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მხრიდან ფარულ საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებაზე კონტროლი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, სახელმწიფოს კანონმდებლობით ნათლად უნდა განისაზღვრებოდეს ის დანაშაულები, რომელთა შესაძლო ჩადენის შემთხვევაშიც დასაშვებია ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, ამასთანავე, ამ დანაშაულთა განსაზღვრისას კანონმდებელმა მათი ბუნება უნდა გაითვალისწინოს.

„2022 წლის 7 ივნისს მიღებული კანონით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შესაძლებელი გახდა დამატებით იმ დანაშაულებთან მიმართებით, რომელთა ჩადენა, მათი ბუნებიდან გამომდინარე, დაკავშირებულია სხვა სახელმწიფოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჰიბრიდული ომის წარმოებასთან (მოწოდება აგრესიის აქტის დაგეგმვისაკენ, მომზადებისაკენ, დაწყებისაკენ ან წარმოებისაკენ), ორგანიზებულ დანაშაულთან, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერასთან, წამების მუქარასთან და ტერორისტული დანაშაულის (ტერორისტული საქმიანობის ან/და ტერორისტული ორგანიზაციის საჯაროდ მხარდაჭერა ან ტერორიზმისაკენ საჯაროდ მოწოდება, ტერორისტული აქტის ხელშეშლისთვის ზომების მიუღებლობა) ჩადენასთან.

ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის განსაზღვრის საკითხთან მიმართებით გასათვალისწინებელია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის განსაზღვრა სახელმწიფოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, მათ შორის, საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად და დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის საწარმოებლად, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა სათანადო საპროცესო გარანტიების პირობებში შესაძლებელია, შესაბამისი კონტროლით იმდენჯერ გახანგრძლივდეს, რამდენჯერაც ამის საჭიროება იარსებებს

ვინაიდან სათანადო საპროცესო გარანტიები და კონტროლის მექანიზმები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით უზრუნველყოფილია, 2022 წლის 7 ივნისს მიღებული კანონით გათვალისწინებული, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის განსაზღვრის წესი შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პირადი ცხოვრების უფლების დაცვის სტანდარტს.

ასეთი არგუმენტების საპირისპიროდ, სამწუხაროდ, ვერც ერთმა ჩვენმა ოპონენტმა და კრიტიკოსმა ვერ დაასახელა სტრასბურგის სასამართლოს ერთი საქმეც კი, რომელთანაც შეიძლებოდა წინააღმდეგობაში მოსული ეს ცვლილებები. ასევე სამწუხაროა, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშიც არ არის დასახელებული სტრასბურგის ერთი საქმეც კი და ამის ნაცვლად მითითებულია, რომ თურმე ამ ცვლილებებით მოქალაქეების კონტროლის შესაძლებლობა გაუჩნდა მთავრობას. ფაქტია, რომ სამართლებრივი არგუმენტების გარეშე გაკეთებული ასეთი განცხადება რადიკალურ ოპოზიციას აძლევს კიდევ უფრო მეტი რადიკალიზაციის საბაბს, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს პარტიებს შორის პოლარიზაციის გაღრმავებას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.