ანრი ოხანაშვილი - პარლამენტი ვერ დაუჭერს მხარს კანონპროექტს, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ნებისმიერი კანონპროექტი მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებას და შემდგომ რეფორმირებას ემსახურებოდეს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ მსგავსი პროექტის ინიცირება მოხდება პარლამენტი ყოველთვის იმსჯელებს და მხარს დაუჭერს ცვლილებებს, რომლის მიზანი სასამართლო სისტემაში კიდევ უფრო მეტი რეფორმა და გაჯანსაღება,
„თუმცა, თუ კანონპროექტი ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციის მინიმალურ სტანდარტს, პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი ვერ იქნება. პარლამენტი ხელმძღვანელობს სულ მცირე, საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის ტესტით. თუ ეს ტესტი ვერ დაკმაყოფილდა, ლოგიკურია, პარლამენტი ვერ დაუჭერს მხარს პროექტს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.
პარლამენტის პლენარულ სესიაზე დღეს ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებელი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა იგეგმება, რომელსაც, როგორც გუშინ გახდა ცნობილი, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერებას ითვალისწინებს. კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი. ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 18 თებერვალს ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.