ანრი ოხანაშვილი - ოპოზიცია თუ გვსაყვედურობს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი უნდა მორგებოდა კონკრეტულ გვარს, გამოდის, კითხვის ქვეშ დააყენეს უკრაინული მოდელი, რომელიც ერთი-ერთში გადმოვიტანეთ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები იქამდე მივიდნენ, რომ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით უკრაინული მოდელი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს.
ოახანაშვლის განმარტებით, უკრაინული მოდელი ერთ-ერთშია გადმოტანილი და ოპოზიციის წარმომადგენლები „ქართულ ოცნებას“ თუ საყვედურობენ, რომ კანონი უნდა მორგებოდა კონკრეტულ სახელსა და გვარს, ეს ნიშნავს, რომ საყვედურობენ უკრაინის ხელისუფლებასაც, რადგან მათ დაწერეს კანონი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი ვერ იქნება მიჩნეული ოლიგარქად.
„ჩვენ მიმართ ოპოზიცია საყვედურს თუ გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კანონი უნდა მორგებულიყო კონკრეტულ სახელსა და გვარს, ეს არის აბსურდი, რადგან თუ ჩვენ გვსაყვედურობენ, გამოდის, უკრაინის ხელისუფლებას საყვედურობენ იმას, რომ მათ დაწერეს კანონი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი ვერ იქნება მიჩნეული ოლიგარქად. რა გამოდის, საყვედურობენ უკრაინის ხელისუფლებას და იმ დეპუტატებს, ვინც კანონპროექტი კანონად აქცია. აქამდე მივიდნენ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს უკრაინული მოდელი, შესაბამისად, უკრაინელი დეპუტატების მიერ გაწეული სამუშაო, რატომ არ გაითვალისწინეს, რომ კანონის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი მოექციათ. ეს მოდელი საქართველოში ერთი-ერთში გადმოვიტანეთ, რაც სწორად გაკეთდა, რათა ვინმეს არ გასჩენოდა კითხვები, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი ლოიალურია პარტიის დამფუძნებლის მიმართ. ობიექტური საზომი ავიღეთ და თუ გამოწვევაა ეს რეგიონში, ამაზე პასუხი აქვს გაცემული უკრაინულ მოდელს, თუ კითხვები უჩნდებათ, გამოდის, რომ უკრაინელებს ედავებიან“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მოამზადა. ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იგეგმება. „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მომზადებული ცვლილებები უკრაინულ მოდელს ეფუძნება.