„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება
„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებული „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება.

სამუშაო ჯგუფის ფორმატში „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ მათ მიერ მომზადებული ცვლილებები უკრაინულ მოდელს ეფუძნება.

კანონპროექტის გათვალისწინებით, პარლამენტის მიერ პირის ოლიგარქად აღიარება მოხდება, თუ ის ოთხი კრიტერიუმიდან სამს დააკმაყოფილებს. კერძოდ, ცვლილებებით კრიტერიუმებია – პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა; იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარად ყოფნა, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას ერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს; ასევე მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.

ცვლილებებით განისაზღვრება, რომ ოლიგარქებს სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ, რეესტრთან დაკავშირებულ წესებს კი, პარლამენტი დაამტკიცებს. რეესტრის შექმნასა და წარმოებას პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს.

კანონპროექტი ოლიგარქად აღიარებული პირისთვის შეზღუდვებს დააწესებს. კერძოდ, ცვლილებებით, რეესტრში შეყვანილ ოლიგარქს შეეზღუდება: პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად თავისი სახსრებიდან შემოწირულებების გაღება, სამუშაოს შესრულება, საქონლის, მომსახურების ან ნაღდი ფულის მიწოდება, დაკავშირებული პირების მეშვეობით ან/და ისეთი იურიდიული პირების მეშვეობით, სადაც ის საბოლოო ბენეფიციარია, სამუშაოს შესრულება, საქონლის ან მომსახურების მიწოდება; ასევე კანდიდატების საარჩევნო ფონდში (გარდა თავისი საარჩევნო ფონდისა) შემოწირულებების გაღება და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისასპოლიტიკური პარტიების დაფინანსება; ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში იყოს მყიდველი (მყიდველის ბენეფიციარი); ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური მოთხოვნების მქონე შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი ამოქმედებიდან 10 წლის გასვლისთანავე ძალას დაკარგავს.