ანრი ოხანაშვილი - ოპონენტებს მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ ნახონ კირკიტაძის ქმედებები და შემდეგ გააკეთონ შეფასებები
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თავს იკავებს გურჯაანის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისგან, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა.
მისი თქმით, მოსამართლე გადაწყვეტილებას კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებზე დაყრდნობით იღებს.
„კონკრეტულად რით იხელმძღვანელა მოსამართლემ, ეს სასამართლოს პრეროგატივაა და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას კონკრეტულ ფაქტებზე და გარემოებებზე დაყრდნობით. შესაბამისად მე სასამართლოს შეფასების ნაწილში ვერ შევალ, ვინაიდან ეს არ არის პოლიტიკური პროცესი. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს, თუ ოპონენტებმა ვერ დაინახეს დავით კირკიტაძის ქმედებაში ვერაფერი კანონსაწინააღმდეგო, მაშინ გამოდის, რომ ისინი ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ყველამ ვიხილეთ, რა ქმედებებს ახორციელებდა პოლიციელებთან მიმართებაში. ეს არის სამართლებრივი საკითხი და არ მინდა, შევიდე პოლიტიკურ მსჯელობაში“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
დეპუტატმა ოპონენტებს მოუწოდა კიდევ ერთხელ ნახონ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული კადრები კირკიტაძის ქმედებების შესახებ და შემდეგ გააკეთონ შეფასებები.
„ოპონენტებს მოვუწოდებ, გადაახვიონ კიდევ ის მომენტები, რომელიც მასობრივი საშუალებებით გავრცელდა და იხილა სრულიად საქართველომ, თუ როგორ ხდებოდა ძალადობა და შემდგომ გააკეთონ შეფასებები“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დღეს კირკიტაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს, თუმცა მოსამართლემ ბრალდებულისთვის პატიმრობის შუნარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. 20 დეკემბერს კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.