ანრი ოხანაშვილი - ესენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ადამიანებს აწამებდნენ, როცა ხელისუფლებაში აღარ არიან, საზოგადოებას წამლავენ
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ სხდომათა დარბაზში გუშინ მომხდარ ინციდენტს სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს.
როგორც ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა განუცხადა, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტ პარტიას ე.წ. ევროპულ საქართველოს როგორი წარმომადგენლებიც ჰყავთ, საზოგადოებამ უკვე კარგად იხილა.
„ცნობილია მათი სახეები და ქმედებები, მათი მხრიდან წარსულში განხორციელებული ქმედებები. ინციდენტი იყო ძალიან სამარცხვინო საქციელი, საქართველოს პარლამენტს ასეთი წევრები არ უნდა ჰყავდეს, რადგან სამარცხვინო ქმედება განახორციელეს, რაც შესაძლოა, დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებასთან დაკავშირებით. ამ ყველაფერს ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება უნდა ჰქონდეს. ჯერ გამოძიებას დაველოდოთ. მათგან იმით განვსხვავდებით, რომ წინასწარ დასკვნებს არ ვაკეთებთ და რევანშით არ ვართ გამორჩეულები, დასჯაზე არ ვსაუბრობთ. ამ ფაქტს უნდა მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება, თუ აღნიშნული ფაქტი დადასტურდება, შესაბამისი პროცედურები უნდა დაიწყოს“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში გუშინ, სესიის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გაურკვეველი ნივთიერება შეიტანა. დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ.
ამასთან გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც შესაძლოა, პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების გამოყენება იყოს ასახული.
პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შეტანაზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.
ამასთან, დეპუტატები აცხადებენ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში დღესაც მძაფრი სუნი იგრძნობა.