ანრი ოხანაშვილი - ჩვენი ამოცანაა, ყველა პარტიას თანაბარ საწყისებზე კონკურენციის შესაძლებლობა მივცეთ
ჩვენი ამოცანაა, შემოვიტანოთ სამართლიანი თამაშის წესები და ყველა პოლიტიკურ პარტიას თანაბარ საწყისებზე კონკურენციის შესაძლებლობა მივცეთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.
როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, მთავარი ამოცანაა, დაბალანსებული, სამართლიანი თამაშის წესები იყოს მიღებული.
„ეს მმართველი გუნდისთვის ნიშნავს საკუთარ უპირატესობაზე უარის თქმას. იმ უპირატესობაზე, რომელიც მაჟორიტარული სისტემის პირობებში გვაქვს. ჩვენ უარს ვამბობთ ამ უპირატესობაზე, რათა კიდევ ერთხელ დავამკვიდროთ სამართლიანი თამაში წესები, არსებობდეს დაბალანსებული საარჩევნო სისტემა და შესაბამისად, თანაბარ პირობებში გავუწით ყველა პარტიამ ერთმანეთს კონკურენცია. პოლიტიკურ ოპონენტებს აქვთ გარკვეული მოსაზრებები და რა თქმა უნდა, ამაზე ვიმსჯელებთ“, – აღნიშნა ოხანაშვილმა, რომლის თქმითაც, მმართველი გუნდის შემუშავებული ცვლილებები ეუთო-ს რეკომენდაციებს ეფუძნება.
ანრი ოხანაშვილის აზრით, მომზადებული ცვლილებებით, არცერთ პარტიას არ ექნება მინიჭებული უპირატესობა.
„საინტერესოა დისკუსია, კონკრეტულად რა არგუმენტები აქვთ ოპონენტებს. საუბრობენ, რომ მიესალმებიან პროპორციულ სისტემას, ეუთო-ს რეკომენდაციები არის გათვალისწინებული. თუ ისინი ამ ყველაფერს მიესალმებიან, აქედან გამომდინარე შევთავაზეთ ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს სამართლიან თამაშის წესებს, დაბალანსებულ და კონკურენტუნარიან საარჩევნო პროცესს“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.
ანრი ოხანაშვილი საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და უმრავლესობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების პროექტი წარადგინა.