ანრი ოხანაშვილი - არ ვფიქრობ, რომ ვანო ზარდიაშვილს რამეზე ბოდიში აქვს მოსახდელი
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირების გამო, დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს ბოდიში არ აქვს მოსახდელი.
ჟურნალისტებთან საუბარში ოხანაშვილი დეპუტატ ეკა ბესელიას იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ბესელიამ აღნიშნა, რომ ზარდიაშვილი კორექტულობისა და გონივრულობის ფარგლებს გასცდა, რასაც რეაგირება მოჰყვება.
„კოლეგებთან მიმართებაში ულტიმატუმის ენით საუბარი არ მომწონს, რადგან ეს არ არის სწორი და ლამაზი. თუ ვინმეს რამეზე პასუხის მიღება სურს, გუნდის შიგნით შეუძლია, საკითხი დასვას. არ ვფიქრობ, ვანო ზარდიაშვილს რამეზე ბოდიში ჰქონდეს მოსახდელი. მან კანონპროექტის კონსტიტუციურობაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, ბესელიას პასუხიც მისი პოზიცია იყო. პაექრობას თავი უნდა დავანებოთ და საქმეს მივხედოთ, რაც ბევრი გვაქვს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
დეპუტატმა, ვანო ზარდიაშვილმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები ანტიკონსტიტუციურად შეაფასა და განაცხადა, რომ მსგავს ცვლილებებს არც ერთი თავმოყვარე იურისტი არ მოაწერდა ხელს.
ცხრა დეპუტატმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.