ვანო ზარდიაშვილი - მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული ცვლილებები ანტიკონსტიტუციურია 
ვანო ზარდიაშვილი - მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული ცვლილებები ანტიკონსტიტუციურია 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებულ ცვლილებებს ანტიკონსტიტუციურს უწოდებს.

როგორც ჟურნალისტებს ზარდიაშვილმა განუცხადა, კანონპროექტს არც ერთი თავმოყვარე იურისტი ხელს არ მოაწერდა.

„პირველ კურსელი იურისტიც კი, ამ ინიციატივას ხელს არ მოაწერდა, სამართლებრივი ჩარჩოებიდან და კონსტიტუციის შინაარსიდან იმდენად გასულია. ეს პოლიტიკური წინადადება უფროა. ამას არც ერთი თავმოყვარე იურისტი ხელს არ მოაწერს, რადგან ეს არის არაკონსტიტუციური. როგორც იურისტი, გეუბნებით, რომ კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია. თუ ჩემს განცხადებაში ეჭვი გეპარებათ, შეგიძლიათ კონსტიტუციონალისტებთან გადაამოწმოთ. ვერც ერთ საკითხს, რომელიც ანტიკონსტიტუციური იქნება, მხარდაჭერა ვერ ექნება. ამას პოლიტიკურად როგორ შეფუთავენ, ვერ გეტყვით“, – განაცხადა ზარდიაშვილმა.

ცხრა დეპუტატმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.