ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ, ამერიკული მოდელით წარიმართება
ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ, ამერიკული მოდელით წარიმართება

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესი უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ, ამერიკული მოდელით წარიმართება.

როგორც პირველ არხს ანრი ოხანაშვილმა განუცხადა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისა და ექვსი დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტით უზრუნველყოფილია პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალეობა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების ჩართულობა, რათა თვალყური ადევნონ, როგორ წარიმართება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევა, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, როგორ მოხდება კანდიდატებთან გასაუბრება და ეს პროცესი შემდეგ პარლამენტში როგორ გადაინაცვლებს.

„პარლამენტში პროცესის წარმართვა უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ, ამერიკული მოდელით წარიმართება. კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრება მოხდება და ძალიან საქმიანი, ხანგრძლივი პროცესი წარიმართება. ეს ყველაფერი მთლიანობაში საზოგადოებრივ მონიტორინგს უზრუნველყოფს და საზოგადოებას პროცესის მიმართ ნდობა ექნება. პროექტი ევროსაბჭოს რეკომენდაციებს ეფუძნება. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი ხანგრძლივად წარიმართოს და საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდეს, პროცესს დააკვირდეს. იუსტიციის საბჭოში კონკურსის გამოცხადების შემდეგ, პროცესი ერთ თვეს გასტანს, კანდიდატების შეტანის შემდეგ გასაუბრება ასევე ერთ თვეს მოიცავს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რამდენიმეთვიანი ეტაპი წარიმართება, პარლამენტში კი, უზრუნველყოფილი იქნება პროცესის ისე წარმართვა, რომ ყველას საშუალება ჰქონდეს, ინდივიდუალურ გასაუბრებას თვალყური ადევნოს”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

დეპუტატის თქმით, პლენარულ სხდომაზე თითოეულ კანდიდატს კენჭი ინდივიდუალურად ეყრება. კანონპროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

ცვლილებებით, 18 მოსამართლის შერჩევა ხუთ ეტაპად წარიმართება. პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაიწყება და კანდიდატებს პარლამენტი დაამტკიცებს. პროექტით, კონკურსში მონაწილეობის საშუალება ექნება ყოფილ მოსამართლეს, რომელსაც სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება აქვს. ასევე, სამართლის დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტს, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.