ანომალია ატლანტის ოკეანეში, რომელიც ტექტონიკური ფილების შრეებად დაყოფას იწვევს
მეცნიერებმა მიაგნეს მტკიცებულებას, რომელიც სავარაუდოდ, ატლანტის ოკეანის ქვეშ ტექტონიკური ფილების ორ სხვადასხვა ფენად განცალკევებაზე მიუთითებს.
დაყოფის ეს ეპიკური, მაგრამ ჰიპოთეტური ფენომენი, რომლის განფენილობასაც კომპიუტერულ მოდელირებაში ვაფიქსირებთ — შესაძლოა, პასუხისმგებელი იყოს ახალი სუბდუქციური ზონის გაჩენაზე, სადაც დედამიწის ტექტონიკური ფილები ერთმანეთს ძლიერ აწვება.
ლისაბონის უნივერსიტეტის საზღვაო გეოლოგი ჟუან დუარტე თავის მშობლიური ქალაქის სეისმურ ისტორიას წლების განმავლობაში სწავლობდა; განსაკუთრებით აინტერესებდა 1755 წლის ლისაბონის დიდი მიწისძვრა, რომელსაც ცუნამიც მოჰყვა და ქალაქი თითქმის მთლიანად აღგავა მიწის პირიდან; დაიღუპა 100 000-ზე მეტი ადამიანი.
საუკუნეების შემდეგ, 1969 წელს, იმავე რეგიონში სეისმოლოგებმა მცირე ბიძგები შენიშნეს, რასაც ადამიანური მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ ამ ადგილას მიწისძვრები საერთოდაც არ უნდა ხდებოდეს, რადგან რეგიონი, სადაც ბიძგები წარმოიქმნა, მეჩხერი, აბისალური ვაკეა ზღვის ფსკერზე, პირენეს ნახევარკუნძულის გასწვრივ, რომელიმე აქტიური ტექტონიკური ნასხლეტისგან ძალიან შორს.
მაგრამ ამ ზღვის ფსკერის ბრტყელი, არაფრით გამორჩეული ლანდშაფტის ქვეშ ძალიან ღრმად, დუარტეს თქმით რაღაც ხდება, რაღაც სეისმური.
დუარტესა და მისი ჯგუფის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, ეს სეისმური ზონა მდებარეობს სეისმურად მშვიდი ფენის ქვეშ და წარმოიქმნება ლითოსფერული ზედა მანტიის სერპანტინიზაციის ზრდის შედეგად.
სერპანტინიზაცია გეოლოგიური პროცესია, რომლის დროსაც კლდოვანი სტრუქტურები წყალს იწოვს. მკვლევართა განცხადებით, სწორედ ამ პროცესის შედეგად შეიძლება ხდებოდეს პორტუგალიის სანაპიროს სიახლოვეს ოკეანური ლითოსფეროს ორ შრედ გაყოფა, რასაც პოტენციურად თან უნდა ახლდეს ბიძგების წარმოქმნა.
როგორც მკვლევრები წერენ, რამდენიმე ტომოგრაფიული მოდელი გამუდმებით იღებდა სწრაფად მოძრავ ანომალიას, რომელიც ოკეანის სიღრმეში 250 კმ-ზე ვრცელდებოდა, ზუსტად სეისმურობის გროვის ქვეშ.
მათი განცხადებით, ეს ანომალია გახლავთ ლითოსფერული ჩამოღვენთა, რაც გამოწვეულია ოკეანის ლითოსფეროს ფენებად დაშლით. გარდა ამისა, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მეცნიერებმა ოკეანის ლითოსფეროს ფენებად დაშლა გამოავლინეს.
დუარტეს თქმით, სუბდუქციის მიზეზების გარკვევა დედამიწის მეცნიერების ერთ-ერთი გადაუჭრელი პრობლემაა და ლისაბონის სანაპირო შესაძლოა, ერთგვარი ბუნებრივი ლაბორატორია იყოს მის გადასაჭრელად.
სუბდუქციის პროცესს ჰიპოთეტურად შეუძლია საფუძველი ჩაუყაროს სრულიად ახალ სუპერკონტინენტსაც.
2016 წელს ჩატარებულ კვლევაში, ძველ, არასტაბილურ ოკეანურ ლითოსფეროზე დაყრდნობით, დუარტემ და მისმა კოლეგებმა წარმოადგინეს ახალი კონცეპტუალური მოდელი. ამ მოდელის მიხედვით, წყნარი და ატლანტის ოკეანეები თანდათან ერთმანეთს უახლოვდებიან და წარმოქმნიან ერთ სუპერკონტინეტს, რომელსაც მათ „აურიკა“ უწოდეს.
მომზადებულია National Geographic-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.