ანკარაში ლგბტ თემის ყველა ფესტივალი, კინოჩვენება, ფორუმი და გამოფენა აკრძალეს
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ლგბტ თემის ყველა ფესტივალი, კინოჩვენება, ფორუმი და გამოფენა აკრძალეს. მიზეზად უსაფრთხოების ზომების გამკაცრება სახელდება.
ქალაქის მერიის ოფისში აცხადებენ, რომ მათ მიზანს საზოგადოებრივი წესრიგისა და განწყობების დაცვა წარმოადგენს.
გადაწყვეტილება მოჰყვა გასულ კვირას გერმანულენოვანი გეი ფილმების ფესტივალის დაბლოკვას, რომელიც ასევე ანკარაში უნდა გამართულიყო.
გადაწყვეტილებას ქალაქის ხელმძღვანელობაში იმით ხსნიან, რომ მსგავსმა ღონისძიებებმა ანკარასა და მის შემოგარენში შესაძლოა, გარკვეული სეგმენტის ნეგატიური პროვოცირება გამოიწვიოს, ასევე, ასეთი ტიპის თავყრილობები, შეიძლება, ტერორისტების სამიზნედაც იქცეს.
განცხადება ამწვავებს უფლებადამცველების წუხილს, რომ ლგბტ პირების უფლებები ერდოღანის მმართველობის განმავლობაში ილახება. თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი და მმართველი პარტია კონსერვატორული ისლამის მხარდამჭერები არიან.
პოპულარული გეი აღლუმი, რომელიც ყოველწლიურად სტამბოლში იმართებოდა, უკვე სამი წელია ხელისუფლების მიერ უსაფრთხოების მიზნითაა აკრძალული.
2003 წელს თურქეთი პირველი მუსლიმური ქვეყანა გახდა, სადაც გეი აღლუმის ჩატარების უფლება მიიღეს.