ანჯეი დუდა - შეძრწუნებული ვარ ირანის პრეზიდენტის ავიაკატასტროფაში დაღუპვით, პოლონელებმა, რომლებიც განვიცდით 2010 წელს სამთავრობო თვითმფრინავის ჩამოვარდნას, ვიცით შოკის, სიცარიელის გრძნობა
ანჯეი დუდა - შეძრწუნებული ვარ ირანის პრეზიდენტის ავიაკატასტროფაში დაღუპვით, პოლონელებმა, რომლებიც განვიცდით 2010 წელს სამთავრობო თვითმფრინავის ჩამოვარდნას, ვიცით შოკის, სიცარიელის გრძნობა

ჩვენ, პოლონელებმა, რომლებიც საშინლად განვიცდით 2010 წელს პოლონეთის სამთავრობო თვითმფრინავის ჩამოვარდნას, ვიცით შოკისა და სიცარიელის გრძნობა, რომელიც რჩება ხალხის გულებში, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ანჯეი დუდა აღნიშნავს, შეძრწუნებულია ავიაკატასტროფის შედეგად ირანის პრეზიდენტისა და თანმხლები პირების დაღუპვის გამო.

„ღრმად შეძრწუნებული ვარ ირანის პრეზიდენტის, ბატონი იბრაჰიმ რაისის, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო. რამდენიმე ერს აქვს ასეთი ტრაგიკული გვერდები ისტორიაში. ჩვენ, პოლონელებმა, რომლებიც საშინლად განვიცდით 2010 წელს პოლონეთის სამთავრობო თვითმფრინავის ჩამოვარდნას სმოლენსკში, რუსეთში, ვიცით შოკისა და სიცარიელის გრძნობა, რომელიც რჩება ხალხის გულებში, ქვეყანაში პოლიტიკური და სოციალური ელიტის უეცარი დაკარგვის შემდეგ, საყვარელი ადამიანების, მეგობრების უეცარი დაკარგვის შემდეგ. ამიტომ განსაკუთრებული გაგებით ვუერთდებით დაღუპულთა ახლობლებს, ირანელ ერს ლოცვასა და მწუხარებაში“, – წერს ანჯეი დუდა.

შეგახსენებთ, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენის მგზავრებს შორის, პრეზიდენტთან ერთად, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანიც იყო. მედიის ცნობით, რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. ირანული მედია პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვას ადასტურებს.

ასევე დადგინდა ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ბორტზე მყოფი კიდევ სამი პირის ვინაობა.