ანგელა მერკელმა ვლადიმირ ზელენსკი ბერლინში მიიწვია
ანგელა მერკელმა ვლადიმირ ზელენსკი ბერლინში მიიწვია

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ვლადიმირ ზელენსკის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ბერლინში დაპატიჟა. ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ანგელა მერკელი უკრაინას მხარდაჭერის გაგრძელებას დაჰპირდა.

როგორც კანცლერის განცხადებაშია აღნიშნული, ღირსების რევოლუციის შემდეგ, უკრაინასა და გერმანიას შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გააქტიურდა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული თვალსაზრისით.

„უკრაინის სტაბილიზაცია და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება ჩემთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სასამართლო სისტემის, დეცენტრალიზაციისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკვანძო რეფორმების გატარება“, – აღნიშნულია ანგელა მერკელის განცხადებაში.

„გერმანიის ფედერალური მთავრობა გააგრძელებს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. მოხარული ვიქნები, უახლოეს მომავალში გიმასპინძლოთ ბერლინში. გისურვებთ წარმატებას თქვენ წინაშე არსებული ამოცანების მოგვარებაში“, – ნათქვამია გერმანიის კანცლერის მილოცვაში.

შეგახსენებთ, უკრაინის საპრეზიდენტი არჩევნებში მსახიობმა ვლადიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა. უკრაინაში ბიულეტენების 96 პროცენტის დათვლის შემდეგ, ვლადიმირ ზელენსკის ხმათა 73,14 პროცენტი აქვს. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პეტრო პოროშენკომ 24,53 პროცენტი მიიღო.