ანგელა მერკელი - ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ძალიან შორსაა კანონის უზენაესობის ნებისმიერი სტანდარტისგან
ანგელა მერკელი - ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ძალიან შორსაა კანონის უზენაესობის ნებისმიერი სტანდარტისგან

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობის მისჯას გმობს და რუსეთის ხელისუფლებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

როგორც სააგენტო „როიტერი” წერს, ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში” კანცლერის ოფიციალური წარმომადგენელი წერს.

„ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ძალიან შორსაა კანონის უზენაესობის ნებისმიერი სტანდარტისგან. ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ უნდა შეწყდეს,” – ნათქვამია განცხადებაში.

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის „ივ როშეს“ საქმეზე პირობითი სასჯელი რეალურით შეცვალა და 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. წინასწარი გამოძიების დროს ერთწლიანი შინაპატიმრობის გათვალისწინებით, ალექსეი ნავალნის კოლონიაში სავარაუდოდ 2,5 წლის გატარება მოუწევს. ალექსეი ნავალნის დაცვის მხარეს განაჩენის გასაჩივრებისთვის ათდღიანი ვადა აქვს.