ანგარიშის მიხედვით, „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილ 17 ორსულს შორის ვაქცინირებული არც ერთი არ იყო
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილ 17 ორსულს შორის ვაქცინირებული არც ერთი არ იყო. ამის შესახებ ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშში „კოვიდ-19“ საქართველოში (მეშვიდე გადახედვა)“, რომელიც ცენტრის საიტზე გამოქვეყნდა.
კვლევის თანახმად, „კოვიდ-19“-ის პანდემიის დაწყებიდან 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში საქართველოში ანტენატალურ მეთვალყურეობაზე რეგისტრირებული იყო 85 345 ორსული: 2020 წელს – 45 516, 2021 წელს – 39 829. ორსულებში „კოვიდ-19“-ის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა 7 338-ია, ანუ ორსულთა ინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი – 8.6%.
ორსულებში დადასტურებულ შემთხვევათა შორის ყველაზე მაღალი წილი 35-39 ასაკობრივ ჯგუფზე მოდის.
ორსულის საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით, დადასტურებული შემთხვევების წილი მაღალია ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.
სრულად ვაქცინირებულ ორსულებში „კოვიდ-19“-ით ინფიცირება ძალიან დაბალია. კერძოდ, ასაკობრივ ჭრილში, ორსულებს შორის აცრილთა მაქსიმალური წილი – 15%, 40-44 წლის ასაკის ფეხმძიმეებს შორისაა.
„კოვიდ-19“-ით ინფიცირებული ორსულების საერთო რაოდენობიდან, ლეტალური გამოსავალი აღირიცხა 17 შემთხვევაში. მათ შორის არც ერთი არ იყო ვაქცინირებული, ლეტალობის მაჩვენებელი – 0.23%.