ანდჟეი დუდა - ევროკავშირი არის ნავი, თუ გვინდა, ნავმა გაცუროს, ახალი ნიჩბოსნები უნდა ავიყვანოთ
ევროკავშირი უნდა განვითარდეს და წავიდეს წინ. მასში უნდა გაწევრიანდნენ საქართველო და ასოცირებული სახელმწიფო სახელმწიფოები, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პირველი არხის კითხვაზე, როგორ ესახება არსებული კრიზისის ფონზე ევროკავშირის გაფართოება და რა საუბრები მიმდინარეობს საქართველოს ევროპული მისწრაფების შესახებ, პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსები ევროკავშირის სხვადასხვა პოლიტიკური სცენიდან სხვადასხვა პოზიციას აფიქსირებენ.
„პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ევროკავშირი არის ველოსიპედი და მისი ბორბლები უნდა ვატრიალოთ, რათა წინ წავიდეს. მე საკითხს ასე ვუყურებ – ევროკავშირი არის ნავი. ამ ნავში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები ვიმყოფებით და ვართ ნიჩბოსნები. თუ ჩვენ გავჩერდებით ან ნიჩბოსნების ნაწილი ნავს დატოვებს, მაშინ ნავი გაჩერდება ან სწრაფად ვერ გაცურავს. თუ გვსურს, ნავმა გაცუროს, მასში ძალები უნდა გავაათმაგოთ და ახალი ნიჩბოსნები ავიყვანოთ. ამ შემთხვევაში, ნავი სწრაფად სვლას გააგრძელებს. თუ დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა, რომ ნავი უნდა დატოვოს და გავიდეს ევროკავშირიდან, მაშინ ჩვენ ნავში უნდა ჩავსვათ ისინი, ვისაც წევრობა სურთ. იმედი გვაქვს, რომ ნავი არ შეჩერდება და ევროკავშირის ქვეყნები არ იტყვიან, რომ ნავი გაჩერდა. ევროკავშირი უნდა განვითარდეს და წავიდეს წინ. ჩემი აზრით, უნდა სწრაფად გავაწევრიანოთ ის ქვეყნები, რომლებსაც ამის სურვილი აქვთ. დღესდღეობით ასეთია საქართველო და ასოცირებული სახელმწიფო სახელმწიფოები. ეს გახლავთ ერთადერთი გონივრული გზა და გადაწყვეტილება. ვისაც არ სურს ამის აღიარება , მალე მიხვდება, რომ ევროკავშირი უნდა განვითარდეს“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის გასვლას ევროკავშირიდან, პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ეს ევროკავშირის დასუსტების ტოლფასია.
„თავი არ უნდა მოვიტყუოთ. ევროკავშირის დასასრულის დასაწყისი იქნება, თუ ევროკავშირი იტყვის, რომ ახალი წევრები არ უნდა მივიღოთ“, – განაცხადა ანდჟეი დუდამ.