სალომე ზურაბიშვილი - პოლონეთი მუდამ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, 2008 წელს ჩვენ გვერდით იდგა და სწორად შეაფასა სამომავლო საფრთხე, როცა არ მივიღეთ საჭირო საერთაშორისო რეაგირება
სალომე ზურაბიშვილი - პოლონეთი მუდამ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, 2008 წელს ჩვენ გვერდით იდგა და სწორად შეაფასა სამომავლო საფრთხე, როცა არ მივიღეთ საჭირო საერთაშორისო რეაგირება

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პოლონეთი ყოველთვის იყო საქართველოს მხარდამჭერი და იცის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე მეგობარი პოლონეთის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს.

მისივე თქმით, პოლონეთი მუდამ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დღესაც საქართველოს გვერდით დგას.

„ჩვენ ვიცით და მადლიერი ვართ, რადგან, უკრაინის ბრძოლა რომ არა, ამგვარად არ დაჩქარდებოდა ჩვენი, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციის გზა. ამისთვის ჩვენ მართლაც გვეკუთვნის მადლობის თქმა. საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა ამ ფარგლებში, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს ასევე ნიშნავს, რომ ძველი ხედვის ნაშთი, რასაც ერქვა გეოგრაფიული მიდგომა, საქართველო ევროპა იყო თუ არა, ეს დისკუსია დამთავრებულია და ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა. შემდეგი ეტაპი არის ის სტატუსი, რაც, სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ პირველ ეტაპზე უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად. ამის მიზეზები სხვადასხვაგვარი იყო, მაგრამ ჩვენ ამას უნდა დავუბრუნდეთ.

ვიცი, რომ შეგვიძლია, ამ შემთხვევაში ჩვენი მეგობარი პოლონეთის მხარდაჭერის იმედი გვქონდეს, როგორც მივიღეთ პოლონეთის მხარდაჭერა ყველაფერში, რაც დაწყებულია – ჩვენი ევროპისკენ ინტეგრაციის გზა, რაც არის ჩვენი მოსახლეობის 80 პროცენტის სურვილი. ეს პროცენტი არ შეცვლილა ბოლო 30 წლის განმავლობაში და ჩვენ ამ გზას გავაგრძელებთ. ვიცით, რომ პოლონეთი შემდეგ დისკუსიებშიც მხარს დაგვიჭერს.

მინდა, გამოვხატო საქართველოს მადლიერება, რადგან არა მხოლოდ ბოლო 30 წლის განმავლობაში, არამედ ვიტყოდი, ბოლო ორი საუკუნის მანძილზე პოლონეთი ყოველთვის იყო ჩვენი მხარდამჭერი. მაგალითად, 1921 წელს, როცა ჩვენი ოფიცრები სტამბულიდან წამოიყვანა, აქაურ კადეტთა სკოლაში მიიღო, ის ოფიცრები, რომლებიც გამოექცნენ სწორედ იმდროინდელ რუსულ აგრესიას და რუსულ ოკუპაციას. ეს არის ჩვენი ორი ქვეყნის დაუვიწყარი ისტორია და ეს არის ის, რაც ნამდვილად ქმნის ჩვენს ერთიან წარსულს, დარწმუნებული ვარ, ერთიან მომავალს ევროპაში.

პოლონეთი მუდამ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 2008 წელს, როგორც თქვა ბატონმა პრეზიდენტმა, ჩვენ გვერდით იდგა პოლონეთი და ძალიან სწორად შეაფასა იმდროინდელი საფრთხე მომავლისთვის, როცა არ მივიღეთ ის საერთაშორისო რეაგირება, რაც საჭირო იქნებოდა. დღესაც პოლონეთი დგას ჩვენ გვერდით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი არის პოლონელი და 22 პოლონელი დამკვირვებელი მონაწილეობს ამ მისიაში.

მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მადლიერება ამ ყველაფრისთვის და ჩვენი ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალში, როცა ჩვენც ვიქნებით სრულყოფილი წევრი გაერთიანების, რასაც ჰქვია ევროკავშირი, ჩვენც ვიქნებით სანდო მეგობარი პოლონეთისთვის. ამისი იმედი გქონდეთ, ბატონო პრეზიდენტო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან ერთობლივ ბრიფინგზე.