ანდრია ჯაღმაიძე - წმინდა სინოდის ხვალინდელ სხდომაზე განსაკუთრებულ დღის წესრიგს არ ველოდებით
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომასთან დაკავშირებით დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა აღნიშნავს, რომ სხდომაზე განიხილავენ საეკლესიო საკითხებს.
„წელს სინოდის სხდომა მეორედ ტარდება, მართვა-გამგეობით არის განსაზღვრული, რომ ჩატარდეს სხდომა. არ ველოდებით განსაკუთრებულ დღის წესრიგს. იქნება საეკლესიო საკითხები, რომლებიც დღის წესრიგში დგას. სხდომა პატრიარქმა მოიწვია და საკითხები წინასწარ არ უთქვამს, თუმცა სასულიერო პირებს, მღვდელმთავრებს ყოველთვის აქვთ საშუალება, წამოჭრან ესა თუ ის საკითხი სინოდზე განსახილველად“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოწვევით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა ხვალ, 2 ნოემბერს გაიმართება. სინოდის სხდომა წელს მეორედ ტარდება. პირველად წმინდა სინოდი 2023 წლის 14 თებერვალს შეიკრიბა.