ანდრია ჯაღმაიძე - მეუფე იაკობის განცხადება გამოიყენეს ეკლესიის ირგვლივ კიდევ ერთი მძაფრი სიუჟეტის ასაგორებლად
გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პატრიარქის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. არ იყო საქართველოში და რომ ჩამობრძანდა, მოინახულა პატრიარქი და თავისი დამოკიდებულება გააცნო“, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ეს იყო უბრალო მოკითხვა და მხარდაჭერის გაცხადება“.
ამასთან, რაც შეეხება პატრიარქის ყოფილ ქორეპისკოპოსს, ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე იაკობს, მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მან სინანული გამოთქვა განცხადებების ასეთი ფორმით გამოთქმისთვის.
„შინაარსი გაიმეორა, იგივე აზრზეა და სიტყვები უკან არ მიაქვს. ქრისტიანული ცხოვრების წესი აგებულია გულწრფელი შენდობის თხოვნაზე. ადამიანს როდესაც ჰგონია, რომ ყველაფერში მართალია, შენდობას არ ითხოვს. ადამიანს როდესაც შეუძლია შენდობის თხოვნა, ეს არის ქრისტიანული სულისკვეთების გამოვლინება. ამიტომ ეკლესია ამას იწყნარებს“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
მისივე თქმით, მეუფე იაკობის განცხადება ინტენსიურად გამოიყენეს ეკლესიის ირგვლივ კიდევ ერთი მძაფრი სიუჟეტის ასაგორებლად.
„გასაგებია, რომ განცხადება ჩარჩოებიდან გამოდის, მაგრამ ამ სიტუაციას, ბევრი სხვადასხვა ძალა საკუთარი პოზიციების გამოვლენისთვის იყენებდა. თუ ამას გულისხმობთ პროცესების მართულობაში, ვფიქრობ, ყოველთვის ვიღაც იყენებს ამას. მე ვნახე გამომსვლელები, რომლებიც იწყებდნენ ამ თემით და ამთავრებდნენ საკუთარი თავის წარმოჩენით“, – განაცხადა პატრიარქის ყოფილმა ქორეპისკოპოსმა.
ამასთან, მამა ანდრია ჯაღმაიძემ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზეც ისაუბრა.
„ვინც ფარულ ჩანაწერებზე განცხადებას აკეთებს, ეკლესიამ ეს გადაწყვეტილება შიშის გამო მიიღოო, რომ რაიმე გაცხადდეს, ამ ადამიანებს რეალურად ალბათ ურჩევნიათ, რომ გიორგი მამალაძე დარჩეს საპყრობილეში. ამაზე ბევრჯერ გავაკეთეთ განცხადება. როგორ ფიქრობთ, მსგავსი განცხადება ემსახურება თუ არა მამალაძის გათავისუფლების ინტერესებს, თუ პირიქით. ადრეც მითქვამს და ვამბობ, არიან ძალები, ვისაც ძალიან აინტერესებს, რომ მამალაძე იყოს ციხეში და საპატრიარქოს მუდმივად უხდებოდეს ამაზე საუბარი“, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.