ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ მეუფე შიო მუჯირის მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე მიმდინარე გამოძიების პროცესში შესაძლოა, უახლოეს დღეებში სიახლე იყოს
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მეუფე შიო მუჯირის მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების პროცესში, შესაძლოა, უახლოეს დღეებში სიახლე იყოს.
მისივე თქმით, ვიდრე გამოძიების შედეგები ცნობილი გახდება, შეიძლება, სხვადახვა შეხედულება არსებობდეს.
„ჩვენ არ გაგვიკეთებია განცხადება და არ მიგვიმართავს მედიისთვის, რადგან გამოძიება მიმდინარეობს, ჩვენ არ ვიჩქარებთ. ამ გაურკვევლობაში, ვიდრე რამე დადგინდება, შეიძლება, ყველას თავისი შეხედულება ჰქონდეს. დღესასწაულები როცა არის, ნაკლებად შესაძლებელია სხვა სამუშაო პროცესები. ამიტომ უახლოეს დღეებში ალბათ რაღაცას ახალს უნდა ველოდოთ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
რამდენიმე ქართულ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს. ამასთან, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ ინფორმაციას, შესაძლოა, ჰქონდეს ნაწილობრივი საფუძველი, რადგან სისხლის ანალიზში მძიმე მეტალების დაშვებულზე მეტი შემცველობა აღმოჩნდა“. მეუფე შიო მუჯირის მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.