ანდრია გვიდიანი - ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, რატომ უნდა ავაშენოთ „ნამახვანჰესი“
ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, რატომ უნდა ავაშენოთ „ნამახვანჰესი“, – ამის შესახებ ექსპერტმა, ანდრია გვიდიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეკონომიკური ბენეფიტების და ზოგადად, ეკონომიკური მახასიათებლების გარდა, „ნამახვანჰესს“ და მის მსგავს დიდ მარეგულირებელ ჰიდრო ელექტროსადგურებს ძალიან დიდი დატვირთვა აქვთ ტექნიკური თვალსაზრისით. როცა ტექნიკურ ასპექტებზე ვსაუბრობთ, აქ საუბარია ენერგოსისტემის გამართულად ფუნქციონირებაზე და შესაბამისად, ენერგოუსაფრთხოების კომპონენტის მაქსიმალურად განვითარებაზე. საქართველოს და ზოგადად, სხვადასხვა ქვეყნის ენერგო სისტემებს მარეგულირებელი ჰიდრო ელექტროსადგურები სჭირდება. იმისთვის, რომ ენერგეტიკულ სისტემაში შესაბამისი რეზერვი იყოს. მარეგულირებელი ჰესია სწორედ „ნამახვანჰესი“, „ხუდონჰესი“, „ნესკრაჰესი“ და ა.შ“, – განაცხადა გვიდიანმა.
მისი თქმით, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ გარკვეული ჯგუფები მიზანმიმართულად ებრძვიან იმ პროექტების განხორციელებას, რომლებიც საქართველოს შიდა გენერაციის განვითარებას უზრუნველყოფს.
„ე.წ. გარემოს დამცველ ორგანიზაციებს პრეტენზიები პატარ-პატარა ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებითაც აქვთ და ამას ხელს უშლიან. იგივე გარემოს დამცველ ორგანიზაციებს, რომლებიც ამ პროტესტს აორგანიზებენ, საჩივრები შეტანილი აქვთ ალტერნატიული ენერგიის წყაროების ათვისებასთან დაკავშირებითაც და შესაბამისად, ქარის სადგურების პროექტები სწორედ მათი საჩივრების საფუძველზეა გაჩერებული. აქ ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ გარკვეული ჯგუფები მიზანმიმართულად ებრძვიან იმ პროექტების განხორციელებას, რომლებიც საქართველოს შიდა გენერაციის განვითარებას უზრუნველყოფს. იგივე ორგანიზაციებს არც ერთი საჩივარი, არც ერთი განცხადება და არც ერთი პოზიცია არ აქვთ დაფიქსირებული მაგალითად, თბოელექტრო სადგურების პროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც თავის მხრივ, იმპორტირებულ ენერგიებზე მუშაობს და ბუნებრივი აირის იმპორტს ვახორციელებთ“, – განაცხადა გვიდიანმა.
როგორც გვიდიანმა აღნიშნა, სამწუხაროდ, ხდება ჰესების დემონიზაცია და აქ უკვე აღარ არის საუბარი ხელშეკრულების დეტალებზე, გარემოს დაცვით საკითხებზე და ასე შემდეგ.
„მაგალითად, ვარლამმა ერთ-ერთ ტელევიზიაში პირდაპირ განაცხადა, რომ უბრალოდ, ამ ჰესის მშენებლობა არის პრობლემა. არა ის, რომ მაგალითად, ინვესტორი შეიცვლება და სხვა ინვესტორი ააშენებს, ან მაგალითად, გარემოს დაცვის საკითხები მოგვარდება და ა,შ, არა, ეს აღარ აინტერესებთ“, – განაცხადა გვიდიანმა.
მისივე თქმით, კომუნიკაციის მხრივ პრობლემები არსებობს, მაგრამ ამ მხრივ, მნიშვნელოვანი გამოცოცხლება იგრძნობა, რაც დასტურდება, რომ თბილისში გამართული აქციის თვალსაზრისით, ამ პროტესტმა აბსოლუტური კრახი განიცადა და ისინი უკან ამიტომ გაბრუნდნენ.