ანდრია ბასილაია - თბილისის მერი არასდროს საუბრობს მუქარის ტონით, რადგან კარგად იცის თითოეული თანამშრომლის ფასი
თბილისის მერი არასდროს საუბრობს მუქარის ტონით, რადგან კარგად იცის თითოეული თანამშრომლის ფასი, – განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ და მცდარი უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თბილისის მერი „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელთა მუშაობით უკმაყოფილოა.
„გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს, ქალაქის მერი უკმაყოფილია „თბილსერვისის“ თანამშრომლებით და აპირებს ისინი დასაჯოს. ეს სრული სიცრუეა. ვერც ერთ ფაქტს ვერ დამისახელებს ვერავინ, რომ მერი, მერის მოადგილე ან თუნდაც „თბილსერვისის“ მენეჯმენტი მსგავს განცხადებებს აკეთებს.
ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენს თანამშრომლებს. როგორც უკვე აღვნიშნე, მზად ვიყავით და ვართ დიალოგისთვის. დღესაც, მთელი დღის განმავლობაში, „თბილსერვისის“ თანამშრომლები სხედან ერთად და ამ დიალოგს ვაწარმოებთ. ჩვენი კარი ღია იყო გუშინაც, ერთი თვის წინაც. ზოგადად, ჩვენ არასდროს გვაქვს კომუნიკაციის პრობლემა. ეს ეხება არა მხოლოდ „თბილსერვისს“, არამედ მერის მოადგილეებს და მერსაც“, – განაცხადა მერის მოადგილემ.
ბასილაიას თქმით, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელთა ნაწილი სამუშაო რეჟიმს უკვე დაუბრუნდა. ნაწილთან კი, აქტიური კომუნიკაცია გრძელდება.
„რა თქმა უნდა, ნარჩენების გატანა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამუშაო პროცესი უკვე ნაწილობრივ აღდგენილია. ღამის საათებში სათადარიგო ავტომანქანები დაემატება. ჩვენს თანამშრომლებთან დიალოგს გავაგრძელებთ, თუმცა პარალელურად, ჩვენივე რესურსის მობილიზებას მოვახდენთ, რათა ნარჩენების გატანა შეუფერხებლად მოხერხდეს“, – აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.