ანდრია ბასილაია - მერიამ პროექტი და შესრულებული სამუშაოები დაექსპერტებული ჩაიბარა, უწყება ვერანაირ ეჭვს ვერ შეიტანდა, რომ შესაძლებელი იყო, რამე ნაკლი ყოფილიყო
ანდრია ბასილაია - მერიამ პროექტი და შესრულებული სამუშაოები დაექსპერტებული ჩაიბარა, უწყება ვერანაირ ეჭვს ვერ შეიტანდა, რომ შესაძლებელი იყო, რამე ნაკლი ყოფილიყო

გამოძიება ამ ეტაპზე აცხადებს, რომ დამატებითი ინსპექტირების სამუშაო არ ჩატარებულა და უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას, – ასე უპასუხა თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, როდესაც ცვლილების მოთხოვნა ხდება, არსებობს თუ არა დამატებითი ინსპექტირების ჩატარების ვალდებულება, რამდენად ხარისხიანად ჩატარდა სამუშაო, რადგან აღმოჩნდა, რომ ელექტროსადენის იზოლაცია წყლის მილების უჟანგავი კონსტრუქციებით შეცვლის დროს დაზიანდა და ეს დაზიანება არსად არ აღირიცხა.

შეკითხვაზე, რატომ არ იყო გაფორმებული წერილობითი შეთანხმება, რომ ეს დამატებითი სამუშაო დოკუმენტურად ყოფილიყო მოთხოვნილი, ბასილაიამ განაცხადა, რომ წერილობითი შეთანხმება, როგორც წესი, მაშინ დგება, როცა გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ან რამე სერიოზული ცვლილებაა.

„ეს არ იყო რამე მნიშვნელოვანი ცვლილება და ამიტომ არ შედგა. ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბასილაიამ.

მისი თქმით, სამწუხარო ფაქტია, რომ ინსპექტირება არ მოხდა, თუმცა დავალების გაცემა, მით უმეტეს, ისეთ რამეზე, რაც ვიზუალს ეხება, იმას არ ნიშნავს, რომ ეს არასწორად უნდა შესრულდეს.

„ამ შემთხვევაში გამოძიება დაადგენს, თუმცა, ზოგადად, მიღებული პრაქტიკაა და ასეთი ბევრი დავალება გაიცემა. აქ იყო კონკრეტული მითითება იმ სამუშაოზე და არ იყო მითითება, რომ არ ჩატარდეს ინსპექტირება“, – განაცხადა ბასილაიამ.

ანდრია ბასილაიამ ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული სამუშაო 22 სექტემბერს ჩატარდა და ამის შემდეგ შადრევანი პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდა.

„ჩვენი თანამშრომლები ჩადიოდნენ გაწმენდის მიზნით, ასევე „გრინსერვისის“ თანამშრომლებიც ჩადიოდნენ, რომლებსაც აქვთ ორწლიანი საგარანტიო ვალდებულება ნებისმიერ სამუშაოზე. ეს მითითებაც ამ საგარანტიო პირობის ფარგლებში იყო გაცემული და კონტრაქტორს ყველა ობიექტზე, რომელსაც მუნიციპალიტეტისთვის ასრულებს, აქვს ვალდებულება, რომ გარკვეული პერიოდი, ამ შემთხვევაში ორი წელი მომსახურება გაწიოს“, – განაცხადა ბასილაიამ.

მისივე თმით, პროექტში გათვალისწინებული იყო უსაფრთხოების არა ერთი ნორმა, მათ შორის, რელეს დამონტაჟება, რომელიც დამონტაჟდა და პროექტის ჩაბარებისას ის მუშაობდა, თუმცა სამწუხაროდ, მომხდარი ტრაგედიის დღეს არ იმუშავა და ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც გამოძიებამ უნდა უპასუხოს.

როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, მერიამ ეს პროექტი და შესრულებული სამუშაოები დაექსპერტებული ჩაიბარა და უწყება ვერანაირ ეჭვს ვერ შეიტანდა იმაში, რომ შესაძლებელი იყო, რამე ნაკლი ყოფილიყო.

„როგორც გამოძიება ამბობს, დასკვნა იყო გაყალბებული და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი. ზოგადად, არა მხოლოდ მუნიციპალიტეტში, არამედ ყველა სახელმწიფო უწყებაში ძალიან დიდი წვლილი აქვს საექსპერტო დასკვნებს, რადგან ზოგადად სამუშაოები საექსპერტო დასკვნის საფუძველზე ბარდება. მუნიციპალიტეტს არ ჰყავს და ვერ ეყოლება ისეთი ლეგიტიმაციის თანამშრომლები, რომლებიც დარგობრივ ექსპერტზე მეტ ლეგიტიმაციას იქონიებენ კონკრეტულ დარგში“, – განაცხადა ბასილაიამ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, უნდა აკონტროლებდეს თუ არა მერია უფრო მკაცრად პროცესს, თუ როგორ მიმდინარეობს ექსპერტიზა, რათა თავიდან იქნას აცილებული არაკეთილსინდისიერი, უკანონო გარიგებები და დოკუმენტების გაყალბება, ანდრია ბასილაიამ განაცხადა, რომ ეს ვერ მოხდება, რადგან ამ შემთხვევაში მერიამ პრაქტიკულად, ექსპერტიზის ექსპერტიზა უნდა ჩაატაროს, რისი ლეგიტიმაცია და რესურსიც მუნიციპალიტეტს არ აქვს.

„არც იქნებოდა სწორი, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტს ჰყავდეს ყველა დარგის ექსპერტი. ეს უბრალოდ, არ იმუშავებს“, – განაცხადა ბასილაიამ.

მისივე თქმით, ტენდერის გამოცხადების დროს „გრინსერვისი“ აკმაყოფილებდა ყველა მოთხოვნას, არ იყო შავ სიაში და ჰქონდა კანონიერი უფლება, რომ ტენდერში მიეღო მონაწილეობა.

„გრინსერვისი“ ძალიან ბევრ კონტრაქტშია მუნიციპალიტეტში და აქამდე, პრობლემა არსად არ დაფიქსირებულა, მით უმეტეს, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

ანდრია ბასილაიამ ასევე განაცხადა, რომ მერია გამოძიებასთან თანამშრომლობს, მერი და თითოეული თანამშრომელი მზად არის, პასუხისმგებლობა გაიზიაროს და თუ ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთება, აუცილებლად უნდა დაისაჯოს, რადგან ფაქტი შემზარავია.