კახა კალაძემ საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაში მიიღო მონაწილეობა - არავის მივცემთ შესაძლებლობას, სელფები იღოს გადავსებულ ურნებთან, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია
კახა კალაძემ საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაში მიიღო მონაწილეობა - არავის მივცემთ შესაძლებლობას, სელფები იღოს გადავსებულ ურნებთან, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია

თბილისის მერმა, კახა კალაძემ საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაში მიიღო მონაწილეობა.

„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების გარკვეულმა ნაწილმა გაფიცვა გადაწყვიტა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან არ გვქონდა ისეთი ურთიერთობა, ერთმანეთს არ დავლაპარაკებოდით,  რამე ვერ გადაგვეწყვიტა, მოგვესმინა ერთმანეთის მოსაზრებები.  უეცრად, რამდენიმე ადამიანის ხელმძღვანელობით იყო გაფიცვის მცდელობა. ადამიანების ნაწილზე, რომელიც დაბრუნდა, მიდიოდა ბულინგი, დაშინება, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული, ჩვენ არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ რამდენიმე კრიმინალმა შეურაცხყოფა მიაყენოს თანამშრომლებს, დაემუქროს და ფიზიკურად გაუსწორდეს, ეს არის დასჯადი და ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება. ჩვენ დღეს მოვისმინეთ ძალიან ბევრი სიცრუე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, გასულ წელს ხელფასების ოცპროცენტიანი მატება იყო და მიეცათ დაპირება, რომ 2022 წლის იანვარში დაუბრუნდებოდნენ ამ საკითხს. ტექნიკას რაც შეეხება, კალაძის თქმით, ამაზეც ითქვა ტყუილი, რაც მარტივად გადასამოწმებელია. მისივე თქმით, სამუშაო ფორმების შეძენაც ყოველწლიურად ხდება, ბოლო შესყიდვისას კი ტენდერთან დაკავშირებით პრობლემა იყო და უკვე არის გამარჯვებული კომპანია.

„სელფებს იღებდნენ დაბინძირებულ ნაგვის ურნებთან, სასაცილოა ეს. ყველამ ერთი რამე მინდა, იცოდეს, მარტო ჩვენ რომ მიგვიწიოს მუშაობა, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს სუფთა, მოწესრიგებული, მაგრამ იმასაც გარწმუნებთ, რომ მარტო არ მოგვიწევს ამის გაკეთება, რადგანაც ძალიან ბევრნი ვართ, ბევრი ვართ, ვინც დადგება იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქალაქს და დაუდგება თბილისელებს გვერდით. პირადად მე ჩემი თანამშრომლებით მზად ვართ იმისთვის, რომ ქალაქს ვემსახუროთ ოცდაოთხსაათიან რეჟიმში.

ჩვენთვის არანაირი პრობლემა არ არსებობს და ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და მოვავალშიც გავაკეთებთ, რომ ეს ქალაქი იყოს ყველაზე სუფთა, ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე მწვანე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს, ჩვენს ოპონენტებს, არ მოსწონს ეს. მაგრამ რას ვიზამთ, მოუწევთ, კიდევ ბევრი წელი უყურონ ჩვენს გაკეთებულ პროექტებს და დატკბნენ ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოებით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს და აღნიშნა, რომ არასოდეს გამოუხატავს უკმაყოფილება „თბილსერვისის“ მუშაობით. მისი თქმით, ეს ტყუილი მიზანიმმართულად გავრცელდა.

„ეს ჭორი გავრცელდა კონკრეტულად იმ პროვოკატორების მხრიდან, ვინც დღეს აბუნტებდა ადამიანებს. ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, მრავალი შეტყობინება მიიღო, სადაც დახმარებას სთავაზობდნენ. მან ამ ადამიანებს მადლობა გადაუხადა.

„ახალგაზრდები გამოთქვამენ მზადყოფნას, გვერდში დაგვიდგნენ, რათა ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე სუფთა, ყველაზე მოწესრიგებული და არავის მივცემთ საშუალებას, სელფები იღოს ნარჩენებით გადავსებულ ურნებთან, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, თუმცა ყველა პროვოკაციას მოყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.