ანდრეი კისკა - არ უნდა მივცეთ უფლება რუსეთს, რომ საქართველოსა და უკრაინაზე გავლენა იქონიოს
საქართველოსა და უკრაინას, ამ ქვეყნების მოსახლეობას უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მათი იმედი და ნდობა გვაქვს, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ანდრეი კისკამ ბრიუსელში განაცხადა, სადაც ნატო-საქართველო-უკრაინის შეხვედრა გაიმართება.
მისი თქმით, დღეს საქართველოსა და უკრაინასთან მნიშვნელოვანი შეხვედრა იმართება.
„ჩვენ დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი შეხვედრა საქართველოსთან და უკრაინასთან. ვფიქრობ, ჩვენ ამ ორ ქვეყანას, ამ ორი ქვეყნის მოსახლეობას უნდა ვაჩვენოთ, რომ გვჯერა, მათი იმედი და ნდობა გვაქვს. მათ უნდა გააგრძელონ რეფორმები. განსაკუთრებით რთული სიტუაცია უკრაინაშია. ისინი ატარებენ რეფორმებს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში თან ომია“, – განაცხადა კისკამ.
მისი თქმით, მოსახლეობისთვის აუცილებელია, ძლიერი სიგნალის მიცემა, რომ მათ ნატო-ში ელოდებიან.
„მოსახლეობამ უნდა ნახოს სინათლე გვირაბის ბოლოს. თუ ჩვენ მათ არ მივცემთ ძლიერ სიგნალს, რომ ნატო-ში ველოდებით, მაშინ ეს ხალხის იმედგაცრუებას გამოიწვევს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსული პროპაგანდა ძალიან ძლიერია. არ უნდა მივცეთ უფლება რუსეთს, რომ ამ ქვეყნებზე გავლენა იქონიოს,“- განაცხადა კისკამ.
მისი შეფასებით, საქართველოს და უკრაინის მოსახლეობა მხარდაჭერას იმსახურებს.
„მათ უნდა დავეხმაროთ. ამ ორი ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას და დახმარებას“, – აღნიშნა სლოვაკეთის პრეზიდენტმა.
ბრიუსელში, ნატო-ს სამიტზე გუშინ 29 მოკავშირე ქვეყნის ლიდერებმა სამიტის დეკლარაცია მიიღეს. ტექსტში საქართველო რამდენჯერმეა ნახსენები. დეკლარაციის 65-ე მუხლში აღნიშნულია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ნატო ერთგულია ღია კარის პოლიტიკისა და საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი. ამასთან, სამიტის დეკლარაციის მეშვიდე მუხლში ნათქვამია, რომ ნატო-ს წევრები ადასტურებენ სრულ მხარდაჭერას უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, მოუწოდებენ რუსეთს, მისი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად გაიყვანოს ძალები, რომლებიც განათავსა სამ ქვეყანაში მათი თანხმობის გარეშე.
ამასთან, სამიტის ფარგლებში, დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდა, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდა. დღესვე, ნატო-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში პირველად, უმაღლეს დონეზე სამმხრივი შეხვედრა ნატო-საქართველო-უკრაინა გაიმართება.