გიორგი მარგველაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა
გიორგი მარგველაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს ბრიუსელის სამიტის ფარგლებში დღევანდელი შეხვედრები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრით დაიწყო.

გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და იმ პროგრესზე ისაუბრა, რასაც არსებული მდგომარეობით საქართველომ მიაღწია.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის, საქართველო მზადაა, რათა ნატო-სთან თანამშრომლობის შემდგომ ეტაპზე გადავიდეს, გახსნილია და მზადაა პოლიტიკური დიალოგისთვის.

გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას რუსეთის ანექსიურ პოლიტიკასა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველო უკვე ნატო-სთან თავსებადი, პასუხისმგებლიანი პარტნიორია, რომელიც სრულად იზიარებს ნატო-ს ღირებულებებსა და პასუხისმგებლობებს, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში და შესაბამისად ემზადება ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრობისთვის.

შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი და ნატო-ს გენერალური მდივანი მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.