ანდერს ფოგ რასმუსენი - მიმაჩნია, რომ პრეზიდენტ პუტინს მხოლოდ ერთი ენა ესმის, ეს არის ძალის ენა
რუსეთთან ურთიერთობებისთვის ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მტკიცე პოზიცია და ერთიანობა ევროპასა და აშშ-ს შორის, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
ანდერს ფოგ რასმუსენმა რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრისას აღნიშნა, საქართველოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „საქართველო არ არის მარტო“.
„საქართველო რუსეთის მეზობელია. ვფიქრობ, გარდაუვალია რუსეთთან ურთიერთობების განვითარების ცდა რამდენადაც ეს შესაძლებელია. ამის ალტერნატივას ვერ ვხედავ, თუმცა ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ პრეზიდენტ პუტინის ფსიქოლოგია. შეგიძლია მოლაპარაკებების ორი გზა აირჩიო. ან ირჩევ დათმობებზე წასვლას, სირბილეს, მოსახერხებელ საუბრებს, ან უნდა სცადო, იყო მტკიცე, შეინარჩუნო ერთიანი პოზიცია და წინააღმდეგობა გაუწიო რუსეთს. ეჭვგარეშე, მე ამ უკანასკნელთა ბანაკს ვეკუთვნი. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტ პუტინს მხოლოდ ერთი ენა ესმის, ეს არის ძალის ენა. რუსეთთან ურთიერთობებისთვის ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მტკიცე პოზიცია და ერთიანობა ევროპასა და აშშ-ს შორის. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ერთი ხმით და ვუთხრათ პუტინს, რომ რუსეთი გადარჩება თანამშრომლობით და არა კონფრონტაციით. მნიშვნელოვანია, რომ მტკიცედ ვაჩვენოთ, რომ საქართველო არ არის მარტო. ჩვენ ყველა აქ ვართ და ერთიან პოზიციას შევინარჩუნებთ. მე არ ვარ რუსეთის წინააღმდეგ განწყობილი, მე ვფიქრობ, რომ დასავლეთს და რუსეთს ბევრი საერთო ინტერესი აქვთ, როგორც ეკონომიკის, ისე უსაფრთხოების სფეროში, სადაც ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ, თუმცა კრემლის ხელმძღვანელობამ სხვაგვარად გადაწყვიტა. ერთადერთ გზა, რომ დავარწმუნოთ ისინი, მობრუნდნენ თანამშრომლობის გზაზე არის იმის დემონსტრირება, რომ აშშ-ისა და ევროპა ერთიანია სანქციებითა თუ სხვა ზომებით რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, ვიდრე ისინი არ გააცნობიერებენ, რომ უფრო კონსტრუქციული ურთიერთობები უნდა ჰქონდეთ“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.