ანატოლი ბიბილოვი „საერთაშორისო პლატფორმაზე სამხრეთ ოსეთის გამოსვლის შესაძლებლობების“ დაბლოკვის გამო წუხს
ანატოლი ბიბილოვი „საერთაშორისო პლატფორმაზე სამხრეთ ოსეთის გამოსვლის შესაძლებლობების“ დაბლოკვის გამო წუხს

ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას და რაულ ხაჯიმბასთან მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს. ასე უპასუხა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტმა რუსული გამოცემა „იზვესტიას“ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელი ქვეყნების ხელმძღვანელებთან გეგმავს მოლაპარაკებების გამართვას მიმდინარე წელს.

შეკითხვაზე, აწარმოებს თუ არა ცხინვალი მოლაპარაკებებს სხვა ქვეყნებთან ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ, ბიბილოვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მუდმივად მიმდინარეობს, თუმცა საერთაშორისო პლატფორმაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის გამოსვლის შესაძლებლობებს საქართველო ბლოკავს.

ამასთან, „იზვესტიასთან“ ინტერვიუში ბიბილოვმა განაცხადა, რომ მომავალ წელს ყირიმში აპირებს ჩასვლას. აღსანიშნავია, რომ ე.წ სამხრეთ ოსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, სირია, ნაურუ აღიარებენ.