ანალენა ბერბოკი - შვედეთისა და ფინეთისთვის ნატო-ს კარი გახსნილია, თუ ისინი გადაწყვეტენ გაწევრიანებას, გაშლილი ხელებით შევეგებებით
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის განცხადებით, შვედეთისა და ფინეთისთვის ნატო-ს კარი გახსნილია.
მისივე თქმით, ორივე ქვეყანა ნატო-ს ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.
„ისინი თუ გადაწყვეტენ გაწევრიანებას, ჩვენ მათ გაშლილი ხელებით შევეგებებით. შვედეთი და ფინეთი, როგორც პოლიტიკურად, ისე სამხედრო კუთხით მზად არიან ამისთვის, ამის არანაირი ეჭვი არ არსებობს. ისინი არიან ევროკავშირისა და ეუთო-ს წევრები და ევროპული სამშვიდობო წესრიგის ნაწილი. მათი შეიარაღებული ძალები უკვე ინტეგრირებულია ნატო-ს სტრუქტურებში. ორივე ეს ქვეყანა ნატო-ს ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს და ამასთან, მონაწილეობენ ნატო-ს მისიებში. ისინი პრაქტიკულად ალიანსის წევრები არიან, განაცხადის გაკეთების გარეშეც.
გუშინ, ფინეთისა და შვედეთის მინისტრებს განვუცხადე, რომ ეს იქნება განსაკუთრებული მომენტი, რადგან ყველა ნორდიკული სახელმწიფო გაერთიანდება უსაფრთხოების ერთი ქოლგის ქვეშ. მოსახლეობა ფინეთში და შვედეთში გულახდილად ამბობს, რომ მათი პოლიტიკური სახლი ევროკავშირია და სამშვიდობო წესრიგი დამყარებულია ჰელსინკის საბოლოო აქტზე. მსურს, ამ ხალხს ვუთხრა, რომ ნატო-ში გაწევრიანება არის ყველა ერის სუვერენული უფლება ალიანსის არჩევის მიმართულებით. დღეს დილით მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ თუ ფინეთი და შვედეთი გადაწყვეტენ ალიანსთან შეერთებას, ჩვენ გერმანიაში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს სენსიტიური, გარდამავალი პროცესი, აპლიკაციის მიღებიდან რატიფიკაციამდე, განვლილ იქნას იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია“, – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა ბერლინში ნატო-ს მინისტერიალის შემდეგ.
ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებაზე გადაწყვეტილება დღეს ოფიციალურად გამოაცხადა.