ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებაზე გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოაცხადა
ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებაზე გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოაცხადა

ფინეთი ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს ოფიციალურად გააკეთებს, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ სანა მარინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ეს არის ისტორიული დღე. ახალი ერა დაიწყო“, – აღნიშნა ნიინისტომ პრესკონფერენციაზე.

ფინეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მათი ინტერესია, რომ რატიფიკაციის პროცესი შეძლებისდაგვარად მოკლე დროში და შეუფერხებლად წარიმართოს.

„სწორედ ამიტომ ჩვენ გვქონდა დისკუსიები ნატო-ს ბევრ წევრ ქვეყანასთან ჩვენს პროცესთან დაკავშირებით. ასევე, ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობებზე. ჩვენ გვექნება ეს დისკუსიები მომდევნო თვეების განმავლობაში იმაში დასარწმუნებლად, რომ პროცესი სწრაფი და შეუფერხებელი იყოს. ჩვენ არ გვქონია რაიმე ნიშანი ნატო-ში, რომ იქნება რაიმე სახის პრობლემები ფინეთის ან შვედეთის წევრობისთვის ალიანსში. ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა. ჩვენ უკვე ვართ ურთიერთდაკავშირებული ნატო-სთან და ვართ ნატო-ს ახლო პარტნიორები. ვნახეთ განცხადებები, რომ ჯერ კიდევ არის ზოგიერთი შეკითხვა, მაგრამ მნიშვნელოვანია, გვქონდეს დისკუსიები ქვეყნებთან, მინისტრებთან და ლიდერებთან, რომ განვიხილოთ ყველა არსებული საკითხი. არ ვფიქრობ, რომ პრობლემები იქნება, მაგრამ ასევე ჩვენი ინტერესია, პროცესი სწრაფად წარიმართოს“, – განაცხადა სანა მარინმა.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ ყველაფერი შეიცვალა, როდესაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას.

„მე პირადად, ვფიქრობ, ამის შემდეგ ვეღარ ვენდობით, რომ იქნება მშვიდობიანი მომავალი რუსეთის გვერდით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ნატო-ში გაწევრიანება. ეს არის მშვიდობის აქტი, რომ სამომავლოდ აღარასდროს იყოს ომი ფინეთში. ჩვენ გვქონდა მძიმე ბრძოლები რუსეთთან და აღარ გვსურს ასეთი მომავალი არც ჩვენთვის, არც ჩვენი შვილებისთვის. სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ აღარასდროს იყოს ომი ფინეთში“, – აღნიშნა ფინეთის პრემიერმა.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ფინეთის პარლამენტი ალბათ უახლოეს დღეებში დაამტკიცებს გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ, სავარაუდოდ მომავალ კვირას, წევრობის ოფიციალური განაცხადი წარედგინება ნატო-ს შტაბ-ბინას ბრიუსელში.