ანალენა ბერბოკი - ამერიკული რაკეტები რუსეთს საიმედოდ შეაკავებს
ანალენა ბერბოკი - ამერიკული რაკეტები რუსეთს საიმედოდ შეაკავებს

ანალენა ბერბოკის თქმით, ამერიკული რაკეტები რუსეთს საიმედოდ შეაკავებს. გერმანულ მედიასთან ინტერვიუში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ შორ მანძილზე მოქმედი ამერიკული რაკეტების გერმანიაში განლაგება აუცილებელია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შესაკავებლად.

„იმედის პრინციპი ვერ დაგვიცავს პუტინის რუსეთისგან“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

მისივე თქმით, გერმანიის დაცვა შეუძლია იმას, რომ ბერლინი ახლა ინვესტიციებს აბანდებს საკუთარ უსაფრთხოებაში და ეს მოიცავს ამერიკული რაკეტების გერმანიაში განთავსების გეგმასაც. ბერბოკის მტკიცებით, ასეთმა ნაბიჯებმა ასევე უნდა დაიცვას პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები და ფინეთიც, რომლებიც უშუალოდ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნები არიან და ბოლო თვეებში გამოსცადეს რუსული ჰიბრიდული მეთოდები.

ცნობისთვის, ივლისში გამართულ ნატო-ს სამიტზე აშშ-მა და გერმანიამ განაცხადეს, რომ გერმანიის ტერიტორიაზე ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების განთავსება იგეგმება. კერძოდ, 2026 წლიდან აშშ გერმანიაში განათავსებს „SM-6“-ის ტიპის საზენიტო რაკეტებს, „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსან რაკეტებს და ექსპერიმენტულ ჰიპერბგერით შეიარაღებას. „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტებს სამიზნეების განადგურება 2 500 კილომეტრის რადიუსში შეუძლიათ.