ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინაში ომის „გაყინვის“ წინააღმდეგია
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, გერმანია უკრაინაში ომის „გაყინვის“ წინააღმდეგია. ამის შესახებ ბერბოკი გერმანული გამოცემის, „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგის“ საავტორო პუბლიკაციაში წერს.
ანალენა ბერბოკის თქმით, „კონფლიქტის გაყინვა გამოიწვევს უკრაინის მიერ სუვერენიტეტის დაკარგვას და ევროპის უსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხეების შენარჩუნებას“.
როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებები მიუთითებს, რომ რუსეთი არა მხოლოდ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილის, არამედ მთელი უკრაინისა და მისი ხალხის დაქვემდებარებას ცდილობს.
„ამიტომ კონფლიქტის გაყინვა იქნებოდა უკრაინის მხრიდან უარის თქმა არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და იქ მცხოვრებ ადამიანებზე, არამედ რუსეთის მხრიდან ძალადობის მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელებას გამოიწვევდა“, – წერს საავტორო სტატიაში გერმანიის საგრეო საქმეთა მინისტრი.
ანალენა ბერბოკის თქმით, კონფლიქტის გაყინვის შემთხვევაში რუსეთს ექნება სამხედრო ძალის აღდგენის შესაძლებლობა და ადრე თუ გვიან უფრო ხისტად დაიწყებს მოქმედებას, მათ შორის, შესაძლოა, ის გასცდეს უკრაინის ტერიტორიას.
„ჩვენ უკრაინას მხარს ვუჭერთ არა მხოლოდ მეგობრისადმი ერთგულების გამო, მხარს ვუჭერთ, რათა ჰქონდეს საშუალება, გაათავისუფლოს საკუთარი ხალხი ჯოჯოხეთისგან. ასევე იმიტომ, რომ ეს პასუხობს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს“, – წერს ბერბოკი.