„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციას და ვიდეომასალას ავრცელებს
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საზოგადოებას ყოველთვე მიაწვდის დეტალურ ანგარიშს, თუ რა ტიპის სამუშაოები განხორციელდა პორტის ტერიტორიაზე, ვინ არის პროცესში ჩართული, როგორ აისახება ეს მოსახლეობაზე, – ამის შესახებ კონსორციუმის განცხადებაშია ნათქვამი.
„ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მიმდინარე სამშენებლო სამუშოები, რომელიც 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, საზოგადოებისთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს. ამის შესახებ ჩვენ მიერ ამ პერიოდის განმავლობაში მიღებული უამრავი წერილი, შეკითხვა, მხარდაჭერა, თუ უბრალოდ ზოგადი ინტერესი მოწმობს.
გამომდინარე იქიდან, რომ, ვაცნობიერებთ – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მთელი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის პროექტია, გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ შემდეგი: დღეიდან, ყოველ თვე, რეგულარულად, ჩვენ საზოგადოებას ღიად მივაწვდით დეტალურ ანგარიშს, თუ რა ტიპის სამუშაოები განხორციელდა პორტის ტერიტორიაზე, ვინ არის პროცესში ჩართული, როგორ აისახება ეს მოსახლეობაზე, თუ ვუპასუხოთ ნებისმიერ კითხვას.
მშენებლობა, რომელსაც ქართული საზოგადოება დიდხანს ელოდა, დაწყებულია და ის შეუქცევადია. პროცესი გაგრძელდება მაქსიმალურად გამჭვირვალედ. საზოგადოებას და, განსაკუთრებით სამეგრელოში მცხოვრებ მოსახლეობას მადლობას ვუხდით გამოჩენილი აქტიურობის, ინტერესისა და მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებაში, რომელთან ერთად, კონსორციუმი განხორციელებული სამუშაოების პირველ ანგარიშს აქვეყნებს.
კონსორციუმის ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ ეტაპზე, პორტის პირველი ფაზის, 110 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე ადრეული სახმელეთო სამუშაოებისთვის ღია ტენდერის შედეგად შერჩეული „კომპანია ბლექ სი გრუპი“ ახორციელებს.
ამჯერად ნავსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარეობს:
✔110 ჰექტარზე ჰუმუსოვანი ფენის მოხსნა და დასაწყობება
✔ 2, 5 კმ სიგრძის სამელიორაციო არხის მშენებლობა
✔შიდა გზების მოწყობა
✔გეოდეზიური სამუშაოები
✔ნარჩენების გატანა
✔არსებული კომუნიკაციების გადატანა
✔გეოლოგიური სამუშაოები
✔ფლორასა და ფაუნაზე დაკვირვება, რათა მშენებლობის პროცესში გარემოს მინიმალური ზიანი მიადგეს.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ინფორმაციით, ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშოები საერთაშორისო და საქართველოში მოქმედი შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს.
„სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებმა შეხვედრები ჩაატარეს ადგილობრივ მოსახლეობასთან, ვისაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მომავალი სამშენებლო სამუშაოების პროცესზე და უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია კონსორციუმის განცხადებაში.
„კომპანია ბლექ სი გრუპი“ ადრეული სახმელეთო სამუშაოების შესასრულებლად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ 2017 წლის დეკემბერში გამოავლინა. კომპანია ღია ტენდერის შედეგად, www etenders.ge-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციისა და სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად 14 კანდიდატს შორის შეირჩა და 2017 წლის დეკემბრიდან ანაკლიის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებში ჩაერთო.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შემდეგი ეტაპი საზღვაო სამუშაოებია, რომელთა დაწყება, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ინფორმაციით, 2018 წლის ზაფხულში იგეგმება. საზღვაო სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი დაღრმავება და რეკლამაცია იქნება, რომლის ფარგლებშიც ანაკლიაში დამაღრმავებელი გემი და სხვა საზღვაო ტექნიკა შემოვა და მოხდება 5 მლნ კუბური მეტრი მასალის ამოღება ზღვის ფსკერიდან სანაპიროზე რეკლამაციის მიზნით.