ირაკლი ბერაია - „ანაკლიის კონსორციუმის“ მიერ სარჩელის მომზადებაში პრობლემას ვერ ვხედავ, ანაკლიის პორტის პროექტი აუცილებლად განხორციელდება, თანაც დასავლური ინვესტიციებით
ირაკლი ბერაია - „ანაკლიის კონსორციუმის“ მიერ სარჩელის მომზადებაში პრობლემას ვერ ვხედავ, ანაკლიის პორტის პროექტი აუცილებლად განხორციელდება, თანაც დასავლური ინვესტიციებით

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია აცხადებს, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელის მომზადებაში პრობლემას ვერ ხედავს.

„ყველა სუბიექტს აქვს უფლება, დავის ამა თუ იმ ფორმას მიმართოს. ანაკლიის პორტის განვითარება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ეს ჩანაწერი გაკეთებულია საქართველოს კონსტიტუციაში, რათა პროექტი ინვესტორებისთვის ბევრად უფრო მიმზიდველი გახდეს. როცა ინვესტორებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, დასავლურ ინვესტიციებს ვგულისხმობთ. რა თქმა უნდა, დასავლურ ინვესტიციებში განსაკუთრებით პრიორიტეტულია ამ პროექტის ამერიკული ინვესტიციებით განხორციელება“,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ყველა პირობა შეასრულა „ანაკლიის კონსორციუმის“ წინაშე და მას ვადები არაერთხელ გადაუვადა.

„კონსორციუმმა“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო და შესაბამისად, ის რეალობა მივიღეთ, რაც დღეს გვაქვს. ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება და თან დასავლური ინვესტიციებით“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და ერთ-ერთმა უცხოელმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები შეიტანეს.

დატოვე კომენტარი