ნათია თურნავა - ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მალე დავიწყებთ ახალი ტენდერის პროცედურებს, გადაიხედება პირობებიც
ნათია თურნავა - ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მალე დავიწყებთ ახალი ტენდერის პროცედურებს, გადაიხედება პირობებიც

ანაკლიის პორტი ჩვენი პრიორიტეტია და ვერ დავუშვებთ მეტ დაგვიანებას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება მას შემდეგ შეწყდა, რად კონსორციუმს ვალდებულებების შესრულება შვიდჯერ გაუხანგრძლივდა, თუმცა ეს მაინც ვერ მოხერხდა.

„როგორც იცით, მთავრობის გადაწყვეტილებით, შეწყდა ხელშეკრულება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“. ეს მას შემდეგ, რაც წლების განმავლობაში ჯამში შვიდჯერ გაუგრძელდა კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადა და ამის მიუხედავად, მაინც ვერ მოახერხეს,დროულად დაეწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა და შეეკრათ დაფინანსება. აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება იყო სრულიად ლოგიკური, რადგან ანაკლია ჩვენი პრიორიტეტია და ვერ დავუშვებთ კიდევ უფრო მეტ დაგვიანებას“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისი თქმით, ახალი ტენდერის გამოსაცხადებლად შესაბამისი პროცედურები მალე დაიწყება.

„რაც შეეხება შემდგომ პროცედურას, ეს იქნება ისეთივე გამჭვირვალე, როგორც ჩვენი ყველა ნაბიჯი ამ პროექტთან მიმართებაში. გაცხადებული გვაქვს, რომ ძალიან მალე დავიწყებთ ახალი ტენდერის პროცედურებს. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩვენი ჩართულობით გადახედავს პირობებს, რადგან პირობებმა 2017 წლის შემდეგ საკმაოდ დიდი მოდიფიკაცია განიცადა ინვესტორის სასარგებლოდ. ვფიქრობთ, აღნიშნული ტენდერი წარმატებული იქნება. დიდი იმედი გვაქვს, ძალიან მალე გამოჩნდება სხვა კომპანია გამჭვირვალე ტენდერის შედეგად“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც ეკონომიკის მინისტრი ამბობს, ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება.

„რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტი აშენდება, ეს ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია და არაფერი შეუშლის ხელს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ღრმაწყლოვანი ინფრასტრუქტურა საქართველოში ახლა იმდენად აქტუალურია, რომ „ეიპიემ ტერმინალსს“ და ფოთის პორტს ყოველთვის სურდათ, თავიანთი პროექტი განევითარებინათ, მაგრამ ამ ეტაპზე, კონცენტრაცია ანაკლიის პორტზეა.

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება 9 იანვარს ოფიციალურად შეწყვიტა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 14 იანვარს გავრცელებული განცხადების თანახმად, მთავრობა ანაკლიის პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებელ პროცედურებს იწყებს.

ამასთან, ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით, პორტის მშენებელ კომპანიას ტერიტორიიდან ტექნიკა უკვე გაჰყავს. როგორც საქართველოს პირველ არხს ანაკლიის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით ჯავახაძემ განუცხადა, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულება აქვს, 30 იანვრამდე სახელმწიფოს დაუბრუნოს საინვესტიციო ტერიტორია, ტექნიკის გაყვანის სამუშაოები სწორედ ამ პროცესს უკავშირდება.