„ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ ადასტურებენ, რომ პორტის მშენებელ კომპანიას ტერიტორიიდან ტექნიკა გაჰყავს
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ ადასტურებენ, რომ პორტის მშენებელ კომპანიას ტერიტორიიდან ტექნიკა გაჰყავს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ ადასტურებენ, რომ პორტის მშენებელ კომპანიას ტერიტორიიდან ტექნიკა გაჰყავს.

როგორც საქართველოს პირველ არხს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ განუცხადეს, მიმდინარეობს სამშენებლო ტექნიკის დემობილიზაცია.

„დემონტაჟი არ ხდება, დემობილიზაცია ხდება სამშენებლო ტექნიკის, რაც შემოყვანილი ჰყავდათ: მილები, რითაც იტუმბებოდა წყლიდან ქვიშა და კონტეინერები, რაც ჰქონდათ. მთელი მობილიზაცია რაც იყო გაკეთებული სამშენებლო ტექნიკის, იმის დემობილიზაცია ხდება ახლა. დატოვებული იყო ეს ყველაფერი, რადგან გაზაფხულისთვის უნდა განახლებულიყო სამშენებლო სამუშაოები და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, როგორც იცით, არ გრძელდება, შესაბამისად, ეს ტექნიკა გაჰყავთ. დღეს მიმდინარეობდა სამუშაოები, თუმცა ახლა არ მგონია, კვლავ მიმდინარეობდეს“, – განაცხადეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“.

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება 9 იანვარს ოფიციალურად შეწყვიტა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 14 იანვარს გავრცელებული განცხადების თანახმად, მთავრობა ანაკლიის პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებელ პროცედურებს იწყებს.