ანაკლიის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ საინვესტიციო ტერიტორია სახელმწიფოს 30 იანვრამდე უნდა დაუბრუნდეს და მშენებელი კომპანიის მიერ ტექნიკის გაყვანა სწორედ ამას უკავშირდება
ანაკლიის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ საინვესტიციო ტერიტორია სახელმწიფოს 30 იანვრამდე უნდა დაუბრუნდეს და მშენებელი კომპანიის მიერ ტექნიკის გაყვანა სწორედ ამას უკავშირდება

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ გააჩნია ვალდებულება, 30 იანვრამდე სახელმწიფოს დაუბრუნოს საინვესტიციო ტერიტორია, ტექნიკის გაყვანის სამუშაოები სწორედ ამ პროცესს უკავშირდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ანაკლიის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით ჯავახაძემ განუცხადა.

„იქიდან გამომდინარე, რომ 9 იანვარს სახელმწიფომ, მთავრობამ კონტრაქტი გაუწყვიტა კონსორციუმს, კონსორციუმს გააჩნია ვალდებულება 15 სამუშაო დღის განმავლობაში ანუ 30 იანვრამდე დაუბრუნოს სახელმწიფოს საინვესტიციო ტერიტორია მფლობელობაში. შესაბამისად, სამუშაოები სწორედ ამ პროცესს უკავშირდება. „ვანორდი“ არის კონსორციუმის ქვეკონრაქტორი, რომელიც აწარმოებდა წინასწარ ფსკერგაღრმავების სამუშაოებს და პირველი ეტაპი დაასრულა. აღნიშნულ ვალდებულებას უკავშირდება ეს დემობილიზაციის სამუშაოები“, – განაცხადა დავით ჯავახაძემ.

მისივე თქმით, ანაკლიის განვითარების სააგენტოს ინვესტორმა პარასკევს შეატყობინა, რომ დემობილიზაციის სამუშაოები დაიწყო, თუმცა ვადები არ დაუკონკრეტებია.

„სამუშაოები გაგრძელდება, სანამ „ვანორდი“ სრულად არ მოახდენს თავის აღჭურვილობის გატანას. ინვესტორს აქვს ვადა 30 იანვრამდე და ეს ვადა შეუძლია, გამოიყენოს თავისი შეხედულებისამებრ, მოახდინოს ტერიტორიის სრული დემობილიზაცია, რადგან ტერიტორია ისევ სახელმწიფოს მფლობელობაში გადავა“, – აღნიშნა ანაკლიის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით ჯავახაძემ.

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება 9 იანვარს ოფიციალურად შეწყვიტა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 14 იანვარს გავრცელებული განცხადების თანახმად, მთავრობა ანაკლიის პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებელ პროცედურებს იწყებს.