„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ - არსებულ ვითარებაში, გადამწყვეტი როლი აქვს სახელმწიფოს მხარდაჭერას და აქტიურ ჩართულობას
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პროექტისთვის დაფინანსების მოძიების საბოლოო ვადა დღეს ეწურება. კონსორციუმი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობის იმედი აქვს.
„მიუხედავად არაერთხელ გაჟღერებული ეგრეთ წოდებული ვადების ამოწურვის საკითხისა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი არ წყვეტს მუშაობას ინვესტორთან და მიმართავს ყველა საშუალებას, რომ პროექტი არ გაჩერდეს და წინ წავიდეს. არსებულ ვითარებაში, გადამწყვეტი როლი აქვს სახელმწიფოს მხარდაჭერას და აქტიურ ჩართულობას, განსაკუთრებით ინვესტორთან მოლაპარაკების პროცესში. სამწუხაროდ, ჩვენი მხრიდან არა ერთხელ გაკეთებული მიმართვისა და თხოვნისა, მთავრობის მხრიდან, ჯერჯერობით ქმედით ნაბიჯები არ გადადგმულა. კონსორციუმის პოზიცია უცვლელია და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავიდან იქნას არიდებული მოსალოდნელი სამართლებრივი დავა, რომელიც დამაზიანებელი იქნება ყველა მხარისათვის. აქვე, გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მთელი გუნდის სახელით მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი! სრულიად საქართველოს ვუსურვებთ ღირსეულ და ბედნიერ მომავალს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განცხადება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაკეთდება.