ანა თოდუა - ძალადობის მსხვერპლს სახელმწიფოსგან მხარდაჭერა სწორედ მაშინ სჭირდება, როცა ცხოვრებასთან პირისპირ რჩება
ძალადობის მსხვერპლს სახელმწიფოსგან მხარდაჭერა სწორედ მაშინ სჭირდება, როცა ცხოვრებასთან პირისპირ რჩება, – ამის შესახებ ასოციაცია „მერკურის“ სოციალურმა მუშაკმა ზუგდიდიდან, ანა თოდუამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„პირველ რიგში, უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ იქნება მსხვერპლი იმის შემდეგ, როცა ოჯახიდან წამოვა, უარს იტყვის ძალადობაზე და გაივლის თავშესაფარში არსებობის პერიოდი. აი, მაშინ დგება პერიოდი, როცა ის პირისპირ რჩება ცხოვრებასთან და სახელმწიფოსგან მხარდაჭერა სწორედ მაშინ სჭირდება“, – განაცხადა თოდუამ.
ამ განცხადებით ანა თოდუამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა ძალადობის მსხვერპლ ქალთა დასაცავად საკმარისი მოძალადის მიმართ კანონის გამკაცრება.
მისი თქმით, მოძალადის ციხეში ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ მსხვერპლი დაცული და გაძლიერებული იქნება.
„სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს მსხვერპლის გაძლიერებაზე. უნდა არსებობდეს სპეციალური პროგრამები, თუნდაც, პროფესიული გადამზადების კურსი; უნდა არსებობდეს სპეციალური საწარმოები, სადაც შეიძლება, ამ ქალების დასაქმება მოხდეს და ბუნებრივია, უნდა მოხდეს მათი გაძლიერება“, – განაცხადა თოდუამ.
ასოციაცია „მერკურის“ სოციალურმა მუშაკმა ასევე განაცხადა, რომ მოძალადეთა მიმართ კანონის გამკაცრება აუცილებელია, მაგრამ ასევე აუცილებელია მათი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია.
„ჩვენი ორგანიზაცია იწყებს ამაზე მუშაობას. ამის ინიციატორი არის პოლონური ორგანიზაცია „ჰუმანდოკი“. მათთან თანამშრომლობით და ასევე, პრობაციის სააგენტოსთან მემორანდუმის გაფორმების საფუძველზე, ჩვენ ვიწყებთ მოძალადეებთან მუშაობას. იმედია, ესეც გამოგვივა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ამაზე მუშაობას დაიწყებს“, – განაცხადა ანა თოდუამ.