ანა ნაცვლიშვილი - ვფიქრობ, ნინო ლომჯარია იქნება კარგი სახალხო დამცველი და მინდა წარმატებები ვუსურვო მას
ვფიქრობ, ნინო ლომჯარია იქნება კარგი სახალხო დამცველი და მინდა წარმატებები ვუსურვო მას,- ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილი ომბუდსმენის თანამდებობაზე არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთი კანდიდატი იყო.
საია-ს ხელმძღვანელმა სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის პროცესზე ისაუბრა.
„ნინო ლომჯარიას წარმატება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა იყოს გარანტირებული.
რაც შეეხება პროცესს, სამწუხაროა, რომ ვერ იქნა უზრუნველყოფილი შერჩევის რეალური პროცესი, რომლის ყველა ეტაპი იქნებოდა გამჭირვალე და გასაგები საზოგადოებისთვის. იმედია, ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყება და შემდეგი სახალხო დამცველისთვის მაინც იქნეს ეს საკითხი დარეგულირებული.
რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, ჯერ ვაპირებ, რომ დავასრულო თავმჯდომარეობის მესამე ვადა, რომელიც ამომეწურება მალე და შემდეგ, რა თქმა უნდა, დავრჩები ამ სფეროში, რადგან ადამიანის უფლებები ჩემთვის არ არის მხოლოდ სამსახური.
სადაც არ უნდა წავიდე, ყოველთვის ვიქნები იმ პოზიციაზე, საიდანაც შევძლებ ეფექტურად გავაგრძელო უფლებების და კანონის უზენაესობის დაცვა“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას დაუჭერს მხარს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
უმრავლესობამ შვიდ კანდიდატურაზე იმსჯელა, რომელთა შორისაც იყვნენ ანა ნაცვლიშვილი, ნინო ლომჯარია, ზვიად ქორიძე და ვახუშტი მენაბდე.