ანა ნაცვლიშვილი - შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლას „ქართული ოცნება“ დარღვეული შეთანხმებით და გატეხილი პირობით ხვდება
ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლას „ქართული ოცნება“ დარღვეული შეთანხმებით და გატეხილი პირობით ხვდება, რაც ძალიან დამაზიანებელია ქვეყნისთვის და ამაზე ერთადერთი პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“.
„დოკუმენტში პირდაპირ ჩაწერილი იყო პუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების არგანხილვას, პარლამენტში რეფორმის ჩატარებას და მხოლოდ ამის შემდეგ საკადრო გადაწყვეტილებების მიღებას, ეს წერია შავით-თეთრზე შეთანხმებაში და სწორედ ეს პუნქტი უხეშად დაარღვია „ქართულმა ოცნებამ“. ამ პერიოდის განმავლობაში ფრაქციამ „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტში დავაინიცირეთ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გულისხმობდა კანდიდატების არჩევის შეჩერებას, ამავე დროს დაწყებულიყო რეფორმები და ამ რეფორმების მიმდინარეობის პროცესში არც ერთ სასამართლო ინსტიტუციას არ შექმნოდა პრობლემა. ამ კანონპროექტის განხილვა მოვითხოვეთ დაჩქარებული წესით და არათუ დაჩქარებული წესით განიხილეს, არამედ „ქართულმა ოცნებამ“ საერთოდ გადაავადა მისი განხილვის დაწყებაც კი.
„ლელომ“ ასევე მოამზადა სრულყოფილი ხედვა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს სასამართლო რეფორმა შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე. ჩვენი მოთხოვნით შეიქმნა რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი პარლამენტს შიგნით, ამ ჯგუფს ჩვენი ხედვა წარვუდგინეთ, მაგრამ არათუ არ განიხილა, არამედ მეორე შეხვედრა არც კი მოუწვევია“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, „ლელომ“ ყველა ნაბიჯი გადადგა, რათა შეთანხმება შესრულებულიყო და არაერთხელ გააფრთხილეს „ქართული ოცნება“, რომ პირობის გატეხვა, შეთანხმების შეუსრულებლობა იქნებოდა ძალიან მძიმე შედეგების მქონე როგორც ქვეყნისთვის, ასევე კონკრეტული პოლიტიკური ძალისთვის და მოსამართლეებისთვის, რომლებიც დღეს სანქციების რეალური რისკის წინაშე დგანან.
„მიუხედავად ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ ამ ყველაფერს გადაუსვა ხაზი და ფაქტობრივად, ომი გამოუცხადა სასამართლო რეფორმას, რომლის საჭიროებაზეც თავად მოაწერა ხელი 19 აპრილის შეთანხმებაში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, მოვიდეს გონს და უზრუნველყოს დარჩენილი პუნქტების შესრულება ძალიან სწრაფ რიტმში, სხვა შემთხვევაში, ძალიან მძიმე იქნება შედეგები, რომელსაც ქვეყანა შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევის გამო მოიმკის“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მორიგი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. როგორც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ვიზიტი 19 ივლისისთვის არის დაგეგმილი.