ანა ნაცვლიშვილი  - Freedom House-ის ანგარიშში აღწერილ პრობლემებზე პრეზიდენტი ადრეულ ეტაპზე მიუთითებდა
ანა ნაცვლიშვილი  - Freedom House-ის ანგარიშში აღწერილ პრობლემებზე პრეზიდენტი ადრეულ ეტაპზე მიუთითებდა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი Freedom House-ის ანგარიშს ეხმაურება და აცხადებს, რომ კრიტიკულ საკითხებზე, რომელიც Freedom House-ის ანგარიშშია საუბარი, პრეზიდენტი ხშირად მიუთითებდა.

„ის საკითხები, რაზეც საუბარია Freedom House- ის ანგარიშში და შეფასებულია უკუსვლა, არაერთხელ, ჯერ კიდევ, ამ პრობლემების ადრეულ ეტაპზე, ხაზგასმულ იქნა პრეზიდენტის მხრიდან, რომ ამ მიმართულებებით იყო ეს სასამართლო, მედია თუ ა.შ., ქვეყანას ჰქონდა სერიოზული გამოწვევები, რომ ეს თემები იყო მისახედი“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ აღნიშნული პრობლემები არ გადაიჭრა და უკვე ამ თემებზე ღიად და კრიტიკულად საუბრობს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია.

„ბუნებრივია, Freedom House-ის მოსაზრებებს სერიოზულად ადევნებენ თვალყურს ჩვენი პარტნიორები და ეს არის ყურადსაღები ჩვენთვისაც.

კიდევ ერთხელ ძალიან სამწუხაროა, რომ თემები, რაზეც საუბრობს პრეზიდენტი, რაზეც საუბრობს ქვეყნის შიგნით არაერთი აქტორი, რომ არის პრობლემები და არ ხდება ამ პრობლემებზე დროული რეაგირება და ეს პრობლემები კიდევ უფრო სერიოზულ რეზონანსს იძენს, როგორც ეს მოხდა Freedom House-ის ანგარიშში“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.