ანა ნაცვლიშვილი - პრეზიდენტის დავალებით ყურადღებით, მუდმივ რეჟიმში დავაკვირდებით დღეს, 15:00 საათზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას
ანა ნაცვლიშვილი - პრეზიდენტის დავალებით ყურადღებით, მუდმივ რეჟიმში დავაკვირდებით დღეს, 15:00 საათზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას

რაც გუშინ ვნახეთ, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის სახით, ის კადრები რაც ვრცელდება მედიით, ის ინფორმაცია, რასაც შსს ავრცელებს და ამის შესახებ საზოგადოებაში არსებული ძალიან მაღალი ინტერესი ცხადყოფს, რომ აუცილებელია სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ყველა ფაქტი, სწრაფად და დეტალურად იყოს შესწავლილი, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, 15:00 საათზე ჩანიშნულ აქციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები ადგილზე გაუწევენ მონიტორინგს.

„შსს-ს აქვს ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციასთან ბრძოლის ვალდებულება და ეს ბრძოლა უნდა მიმდინარეობდეს ეფექტურად და მუდმივად, მაგრამ რაც გუშინ ვნახეთ, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის სახით, ის კადრები რაც ვრცელდება მედიით, ის ინფორმაცია, რასაც შსს ავრცელებს და საზოგადოებაში არსებული ძალიან მაღალი ინტერესი ამის შესახებ, ცხადყოფს, რომ აუცილებელია სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ყველა ფაქტი, გარემოება სწრაფად, მიუკერძოებლად და დეტალურად იყოს შესწავლილი.  მათ შორის, სპეცოპერაციის ჩატარების აუცილებლობა, იმ დროს, იმ ადგილას და იმ ფორმით. შესწავლილი იყოს ყველა გარემოება, მათ შორის საპარლამენტო ფორმატში და საზოგადოებაში არსებულ კითხვებს გაეცეს ამომწურავი პასუხები“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

საპარლამენტო მდივნის თქმით, 15:00 საათზე პარლამენტის წინ ჩანიშნულ აქციაზე მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების კონსტიტუციური უფლებით სარგებლობა შსს-მ უნდა უზრუნველყოს.

“დღეს, სამ საათზე მოქალაქეები გეგმავენ მშვიდობიანი შეკრების და საპროტესტო აქციის ორგანიზებას. მოქალაქეთა მშვიდობიანი შეკრების უფლება ეს არის კონსტიტუციური უფლება და ამ უფლებით სარგებლობა უნდა უზრუნველყოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. იმედი გვაქვს, რომ ამ მოცემულობაში, ყველა სახელმწიფო უწყება იაზრებს თავის როლს და პასუხისმგებლობას და გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ დღეს მოქალაქეებმა შეძლონ კონსტიტუციური უფლებებით შეუფერხებლად სარგებლობა. პრეზიდენტის დავალებით ჩვენ ძალიან ყურადღებით, მუდმივ რეჟიმში დავაკვირდებით მიმდინარე აქციას,”- აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.