ანა დოლიძე - მიკვირს, რომ ავტორიზაციის საბჭომ აარჩია ისეთი უნივერსიტეტი, სადაც სასწავლო პროცესი საათივით გამართულია
ანა დოლიძე - მიკვირს, რომ ავტორიზაციის საბჭომ აარჩია ისეთი უნივერსიტეტი, სადაც სასწავლო პროცესი საათივით გამართულია

მიკვირს, რომ ავტორიზაციის საბჭომ აარჩია ისეთი უნივერსიტეტი, სადაც სასწავლო პროცესი საათივით გამართულია, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან განაცხადა, სადაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) სტუდენტები ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

„დღეს ვდგავარ ჩემი ძვირფასი სტუდენტების გვერდით. ძალიან მიკვირს, რომ საბჭომ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში განათლების ხარისხი არის უდაბლესი, დიპლომის უკან არ დგას ცოდნა, როდესაც უამრავი დიპლომიანი დაუსაქმებელი ადამიანი გვყავს, აარჩია ისეთი უნივერსიტეტი, სადაც სასწავლო პროცესი საათივით გამართულია. იმედი მაქვს, განათლების სამინისტრო მხედველობაში მიიღებს სტუდენტების ინტერესს, რომ მიიღონ ხარისხიანი განათლება“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მთავრობის ადმინისტრაციასთან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება შეუსრულებელი ფინანსური დავალიანებებისა და დაყადაღებული უძრავი და მოძრავი ქონების გამო ერთი წლით შეეზღუდა. შავი ზღვის უნივერსიტეტის (IBSU) რექტორმა, ილიას ჩილოღლუმ განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ დაკისრებული ჯარიმა გადაიხადეს.

ამასთან, ცენტრის მიერ დღეს დილით გავრცელებული განცხადების თანახმად, უწყება პროცესების მოწესრიგების მიმართულებით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გადადგმულ პირველ ნაბიჯს მიესალმება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავტორიზაციის საბჭო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს აღნიშნული გადაწყვეტილების რევიზია კანონით დადგენილი სააპელაციო პროცედურების გავლის გარეშე. შესაბამისად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უნდა მიმართოს სააპელაციო საბჭოს და წარადგინოს მყარი არგუმენტები ბიზნეს პროცესის უწყვეტობის, ინსტიტუციური მდგრადობის და სტანდარტებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესახებ.