მთავრობის ადმინისტრაციასთან შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ
მთავრობის ადმინისტრაციასთან შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ

შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას მთავრობის ადმინისტრაციასთან აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტს ფინანსური დავალიანებების გამო სტუდენტების მიღება ერთი წლის ვადით შეუჩერდა, უსამართლოს უწოდებენ.

„უნდა დავანახოთ საზოგადოებას, რომ გვინდა განათლების მიღება, გვინდა არ გვეზღუდებოდეს არჩევანის თავისუფლება. ჩვენი მთავარი მიზანი რჩება უცვლელი, რომ ცენტრმა შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება და არსებული პროცესი შეაჩეროს. ამ დრომდე მათ ფაქტობრივად უგულვებელყვეს გადახდილი დავალიანება და  მოთხოვნა, რომ ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტს არ შეეზღუდოს უფლება, მიიღოს აბიტურიენტები. თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტის ასეთ ფორმებს აუცილებლად გავაგრძლებთ“,-აცხადებს შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტი თამარ გეგენავა.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება შეუსრულებელი ფინანსური დავალიანებებისა და დაყადაღებული უძრავი და მოძრავი ქონების გამო ერთი წლით შეეზღუდა.

IBSU-ში აცხადებენ, რომ ექსპერტების დასკვნის მიხედვით, უნივერსიტეტმა ავტორიზაციის ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა და მიმართავენ არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებას, მხარი დაუჭირონ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს.