ანა დოლიძე - მიჩვეული ვართ, რომ გვყავს ვითომ პრემიერი, ვითომ პარლამენტის თავმჯდომარე და ჩვენ წინაშე სახეზეა ვითომ კონკურსი
ანა დოლიძე - მიჩვეული ვართ, რომ გვყავს ვითომ პრემიერი, ვითომ პარლამენტის თავმჯდომარე და ჩვენ წინაშე სახეზეა ვითომ კონკურსი

მიჩვეულები ვართ, რომ გვყავს ვითომ პრემიერი, ვითომ პარლამენტის თავმჯდომარე და ჩვენ წინაშე სახეზეა ვითომ კონკურსი, – ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, იუსტიციის საბჭოში მიმდინარე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს.

​ანა დოლიძის შეფასებით, კანდიდატთა კომპეტენცია არ არის ისეთი დონის, რაც მოეთხოვება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს. მისივე თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ საბჭოში „ვითომ კონკურსი” მიმდინარეობს.

„ჩვენ ნელ-ნელა ვხედავთ, რომ ჩვენ წინაშე არიან კანდიდატები, რომლებიც საერთოდ ახლოსაც ვერ მიდიან იმ ძალიან სერიოზულ გამოცდილებასთან, რომელიც მოეთხოვება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს. რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ გვყავს ვითომ პრემიერი, გვყავს ვითომ პარლამენტის თავმჯდომარე და ჩვენ წინაშე სახეზეა ვითომ კონკურსი, რომელიც შექმნილია მხოლოდ იმისთვის, რომ შემდგომ ვითომ იმ ხალხმა, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტში, უბრალოდ ნოტარიუსის მსგავსად დაადასტუროს ის კანდიდატურები, რომლებიც მოხვდებიან უზენაეს სასამართლოში. სხვა შემთხვევაში ვერ აიხსნება ადამიანებს, რომლებიც ახლოსაც ვერ მოდიან იმ კალიბრთან, რაც უნდა ჰქონდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, რა უნდათ ამ პროცესში და რა მოტივაციით მონაწილეობენ აქ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

საბჭოს არამოსამართლე წევრმა, საბჭოში დღეს მიმდინარე გასაუბრებაზეც ისაუბრა და იმ კითხვებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც კანდიდატებს გასაუბრების დროს დაუსვამს.

„ტრადიციულად, ჩვენ კანდიდატებთან ვსვამთ კითხვებს სამუშაო გამოცდილებაზე და ასევე, კეთილსინდისიერებაზე. მადი ჩანტლაძე ადრე, ედუარდ შევარდნაძის დროს მუშაობდა სასამართლო სისტემაში, შემდეგ მან სისტემა დატოვა თუ წავიდა და მოგვიანებით დაბრუნდა. მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე როგორ აფასებს ის სასამართლო ხელისუფლებაში მუშაობის გამოცდილებას მრავალი სხვადასხვა ხელისუფლების პერიოდში.

ქეთევან ცინცაძის პროფესიული ტრაექტორია კი პირდაპირ უკავშირდება მიხეილ ჩინჩალაძის ყოფნის პერიოდს უზენაეს სასამართლოში. იმთავითვე ჩანს, რომ მას არ აქვს საკმარისი გამოცდილება, რომ ამბიცია ჰქონდეს, დაიკავოს ასეთი მაღალი თანამდებობა. ჩემი აზრით, ეს ადასტურებს იმას, რომ ეს არის ვითომ პროცესი“, – განმარტა ანა დოლიძემ.