ანა ჭარხალაშვილი - პოლიციელები დგანან და დაეძებენ, ვინმეს ჩანთაში შეშა ხომ არ აქვს, შეშის კი არა, ჩვენი ეშინიათ
ანა ჭარხალაშვილი - პოლიციელები დგანან და დაეძებენ, ვინმეს ჩანთაში შეშა ხომ არ აქვს, შეშის კი არა, ჩვენი ეშინიათ

აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა ტერიტორიაზე შეშის შეტანის შესაძლებლობა არ მისცეს, რასაც შელაპარაკება მოჰყვა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა ტერიტორიაზე შეშის შეტანის შესაძლებლობა არ მისცეს, რასაც შელაპარაკება მოჰყვა.

აქციის მონაწილეები შეშის შემოტანას თაბუკაშვილის ქუჩის მხრიდან ცდილობდნენ, თუმცა ტომარა მათ სამართალდამცველებმა ჩამოართვეს.

„შეშა, რომელიც გვინდა, რომ აანთოს და გათბეს ხალხი, რომლებიც მთელი ღამე აქ რჩება, თურმე წარმოადგენს საშიშროებას. შეშა ბიძინასთვის წარმოადგენს საშიშროებას, რადგან მთელი ღამე ხალხს უნდა უყუროს ტელეეთერებიდან და არ მოსწონს ტელევიზორის ჩართვა და ვიღაც ახალგაზრდების პროტესტი. ეს არის. შეშის რევოლუციის და კარვების ეშინია და ეშინია ახალგაზრდობის. შეშის კი არა, ჩვენი ეშინიათ. სირცხვილია, პოლიციელები დგანან და დაეძებენ, ვინმეს ჩანთაში შეშა ხომ არ აქვს, იმის მაგივრად, რომ კრიმინალს ებრძოდნენ“, – განაცხადა აქციის მონაწილემ, ანა ჭარხალაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს შეშის შემოტანის საშუალება არც ბარათაშვილის ქუჩის მხრიდან მისცეს.